დიდთოვლობა აჭარაში: 15 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გამოწერა
დიდთოვლობამ აჭარის მაღალმთიანეთში პრობლემები შექმნა - სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში ძლიერმა თოვამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგადაც დაახლოებით 15 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

უშუქობის გამო მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. კომპანია Energo-Pro Georgia-ს წარმომადგენლები დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენას უკვე შეუდგნენ.

პირველი თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
ამინდი: თბილისში თოვლია მოსალოდნელი

„ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით აღდგენითი სამუშაოები დღესაც გრძელდება. დაახლოებით 15 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ეს ხაზების დაზიანებითაა გამოწვეული“, — განაცხადა ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.

ხულოსა და შუახევის სოფლებში თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს მიაღწია, რამაც გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება გაართულა.

„ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მაღალი გამავლობის ტრანსპორტის გადაადგილება“, — აღნიშნა ბაუჩაძემ.

ხულოს რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტი დაბრკოლების გარეშე გადაადგილდება, ხოლო მაღალმთიანი სოფლების გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0