თბილისი, 5 დეკემბერი– Sputnik. კვიპროსზე ქართული ისტორიული ძეგლების შესწავლაში ახალი დეტალები გამოჩნდა.
გასულ წელს კუნძულ კვიპროსზე არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები დაიწყო, რომლის მიზანი იყო აქამდე უცნობი ძველქართული მონასტრებისა და ეკლესიების მოკვლევა.
კერძოდ, ამ შემთხვევაში ქართველი სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო სოფელ ალამინოს მიდამოებში (ლარნაკას დასავლეთით) ბორცვებით შემოსაზღვრულმა სწორმა მინდორმა, რომელიც ამჟამად სახნავ-სათესად გამოიყენება.
„აქ იდგა ერთი კედლის მცირე ნანგრევი. ამ ადგილის შერჩევა განაპირობა იმან, რომ ალამინოს ქართულ მონასტრად იხსენიებს სტეფანე ლუზინიელი. კვიპროსელი მოღვაწის თხზულებაში, რომელიც 1580 წელს პარიზშია გამოცემული, ვკითხულობთ: (იბერებს) ჰქონდათ კუნძულზე რამდენიმე მონასტერი, ძირითადად, სოფელ ალამინოს მახლობლად“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომლის ორგანიზებითაც წარიმართა ეს ექსპედიცია.
არქეოლოგების აზრით, სოფელ ალამინოსთან აღმოჩენილი კედლის ნანგრევი იმ ადგილზე ეკლესიის არსებობას მოწმობს და მის ნაწილს წარმოადგენს. მიკვლეული და გათხრილია ეკლესიის მთელი პერიმეტრი, რომლის გარშემო შესწავლილია 14 სამარხი.
წინასწარი მონაცემებით, ეკლესია და სამარხები XII–XVI საუკუნეებს განეკუთვნება. ქართული კვალის დადგენის მიზნით სამუშაოები 2017 წელსაც გაგრძელდება.
პროექტი საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ექსპედიციის განსახორციელებლად სპეციალისტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა (ხელმძღვანელი – პროფესორი ვახტანგ ლიჩელი).