საქართველოში არქეოლოგებმა უძველესი უნიკალური ძეგლები აღმოაჩინეს

გამოწერა
გრაკლიანის გორაზე გათხრების დროს, რომელიც 2007 წლიდან მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები აღმოაჩინეს, Sputnik-ი ამ ისტორიული აღმოჩენის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

მრავალი წელია, არქეოლოგები შიდა ქართლში, კასპის რაიონის სოფლების იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიებზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა სანაპიროზე, გრაკლიანის გორაზე მუშაობენ.

„ამ გორის სამხრეთ ფერდობზე კარგად არის შემონახული ჩვ.წ.აღ-მდე V–IV საუკუნეების ნაგებობების ნაშთები. ესაა მძლავრი აქემენიდური ირანის ეპოქა, როდესაც სახელმწიფომ მთლიანად დაიპყრო კავკასიის, მცირე აზიის ტერიტორია ეგვიპტემდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემონახულია, ესაა ჩვ.წ.აღ-მდე V–IV საუკუნეების საკულტო ნაგებობების ნაშთები. ეს ამ ტიპის ერთადერთი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც ორი საუკუნის განმავლობაში საზოგადოების კულტურისა და განვითარების კვლევის შესაძლებლობას იძლევა“, – განუცხადა Sputnik–ს არქეოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა.

ნამრატა კინი - Sputnik საქართველო
ნამრატა კინი: თბილისი ულამაზესი ქალაქია, მაგრამ ერთი რამ მაინც არ მომეწონა...

გრაკლიანის გორა მრავალშრიანი არქეოლოგიური კომპლექსია. არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ამ ტერიტორიაზე ცივილიზაცია 300 ათასი წლის განმავლობაში – ქვის ხანიდან რომის პერიოდამდე – უწყვეტად ვითარდებოდა. ცნობები გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე საფრანგეთის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიისა და ესპანეთის წამყვან სამეცნიერო გამოცემებშია შეტანილი.

ერთი წლის წინ აქ უნიკალური წარწერა აღმოაჩინეს, რომელიც ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩვ.წ.აღ-მდე 1005–920 წლებით დაათარიღეს. ის ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი წარწერაა.

მეცნიერების აზრით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა თითქმის 3 ათასი წლის წინ გაჩნდა. წარწერა ჯერ გაშიფრული არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0