აჭარის მთავრობას კვლავ ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს

© courtesy by Zurab Pataradzeზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის საკანონმდებლო ორგანოში პატარაძის კანდიდატურას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კვლავ ზურაბ პატარაძე აირჩია.

ზურაბ პატარაძის კანდიდატურას, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2016 წლის ივნისიდან უკავია, 14-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

აჭარის მთავრობას ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით უფლებამოსილება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ შეუწყდა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატარაძის კანდიდატურა გასულ კვირას წარადგინა.

„დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. დღეს ვრცლად ვისაუბრე იმ გეგმებზე, რა მიმართულებითაც ვიმუშავებთ, სად გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. წელს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარა და ინვესტიციებია. ამბიციური გეგმები გვაქვს და, დარწმუნებული ვარ, გამოგვივა", — განაცხადა პატარაძემ.

დავით გაბაიძე - Sputnik საქართველო
დავით გაბაიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს უხელმძღვანელებს

აჭარის მთავრობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა 10 დღის ვადაში უნდა წარადგინოს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ 14 ადგილი, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 5, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 1-1 ადგილი მოიპოვეს.

ზურაბ პატარაძე 1973 წელს ბათუმში დაიბადა. 2016 წლის ივნისამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში. 2000 წელს მუშაობდა აჭარის შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურში.

2004 წლიდან იყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი, სადაც კურირებდა საკონსულო საქმიანობას. 2007-2009 წლებში იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული. მოგვიანებით პატარაძე იყო ქალაქ სალონიკში (საბერძნეთი) გენერალური კონსული, 2012 წლიდან – თურქეთში საქართველოს ელჩი, ხოლო 2013 წლიდან – ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ყველა ახალი ამბავი
0