თბილისი, 4 დეკემბერი— Sputnik. ცესკოს მონაცემებით, კვირას უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე, თბილისის დროით 10 საათისთვის 5,2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი (ამომრჩეველთა 25,39%) მივიდა, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი“.
კენჭისყრაში მონაწილეობას უზბეკეთის 21 მილიონი მოქალაქე შეძლებს. ვარაუდობენ, რომ 550 ათასი ახალგაზრდა არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს.
არჩევნები შემდგარად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობას ამომრჩეველთა 33% მიიღებს. წინასწარი შედეგები უკვე ორშაბათს დილით იქნება ცნობილი.
ქვეყანაში არსებულმა ოთხივე პოლიტიკურმა პარტიამ თავისი კანდიდატები დაარეგისტრირა.
უზბეკეთის პირველი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი 2 სექტემბერს ინსულტით გარდაიცვალა. რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დროებით შავკატ მირზიოევი დაინიშნა. პოლიტოლოგთა აზრით, პრეზიდენტის პოსტზე მთავარი პრეტენდენტი სწორედ ის არის. მირზიოევი უზბეკეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატია. ის სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში ქვეყნის გაერთიანების წინააღმდეგია და დსთ-ის ქვეყნებთან (პირველ რიგში, რუსეთთან) ურთიერთობების განვითარების მომხრეა.
კიდევ ორი კანდიდატი — პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე-სპიკერი სარვარ ოტამურადოვი, რომელიც ნაციონალურ-დემოკრატიულ პარტიას "მილიი ტიკლანიშ" ("ეროვნული აღორძინება") წარმოადგენს და სოციალ-დემოკრატიული პარტიის "ადოლატის" ("სამართლიანობა") ლიდერი ნარიმონ უმაროვი რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნებისა და განვითარების მომხრე არიან.
უზბეკეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ხოტამჟონ კეტმონოვი რესპუბლიკის ახალ ორგანიზაციებში, კერძოდ, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლისგან თავს იკავებს და დასაქმებისა და სატარიფო პოლიტიკის პროგრამების რეალიზაციაზეა ორიენტირებული.
ოთხივე კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობა უკვა მიიღო.
ცესკოს მონაცემებით, უზბეკეთის პრეზიდენტის არჩევნების ვადამდელ კენჭისყრაში, რომელიც 2 დეკემბერს დასრულდ, 120 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.