თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ტაშკენტში 79 წლის ასაკში რესპუბლიკის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ იუწყება უზბეკეთის ტელევიზია, ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო Sputnik-უზბეკეთის შეტყობინებაში.
სახელმწიფოს მეთაურის დაკრძალვა მისი ანდერძის თანახმად, 3 სექტემბერს სამარყანდში შედგება. დამკრძალავ კომისიას უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი შავკატ მირზიევი ხელმძღვანელობს.
პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
"რესპუბლიკაში იქმნება კომისია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებლად. მას სენატის თავმჯდომარე ნიგმატულლა იულდაშევი უხელმძღვანელებს", — ნათქვამია შეტყობინებაში.
პირველი ინფორმაცია უზბეკეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ კვირას გამოჩნდა. მინისტრთა კაბინეტში მაშინ განაცხადეს. რომ კარიმოვი საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას გადის.
მოგვიანებით სახელმწიფოს მეთაურის ქალიშვილმა დააზუსტა, რომ მან ინსულტი გადაიტანა და რეანიმაციაში იმყოფება. პარასკევს უზბეკეთის ლიდერის მდგომარეობა გაუარესდა.
ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი უზბეკეთის სსრ-ს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ასევე იყო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უზბეკეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991 წელს არჩეულ იქნა პრეზიდენტად და ამ პოსტზე კვლავ ირჩევდნენ ყოველ შემდგომ არჩევნებზე.