თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მეფეებისა და დედოფლების უნიკალურ და რესტავრირებული სამეფო და სადედოფლო კოსტიუმების კოლექციას, რომელიც მანამდე გამოფენილი არ ყოფილა, ხელოვნების სასახლე 5 დეკემბერს უმასპინძლებს (თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი).
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სამეფო სამოსი, რომელთაც ოქრო, ვერცხლი, მარგალიტები, იაგუნდი, ლალი, ძვირფასი და კეთილშობილი ქვები ამშვენებს.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ხუთი სამეფო კოსტიუმი, რომელთა რესტავრაციაზეც ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში პროფესიონალი რესტავრატორები ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
„უნიკალური რესტავრაციის დროს აღდგა და გამაგრდა ძვირფასი ისტორიული ქსოვილი, მოხდა დაკარგული ოქროს, ვერცხლის დეტალების აღდგენა. საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად, კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დაბრუნდა", — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
როგორც ხელოვნების სასახლეში განმარტავენ, სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბაზე გამოყენებულ იქნა 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი, 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 1942 წელს შექმნილი თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“. უნიკალური სამოსი საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო და განადგურების წინაშე იდგა. რესტავრაციის დროს გამაგრდა მისი ქსოვილის საფუძველი და დამაგრდა 3000-ზე მეტი დაკარგული დეტალი.
გარადა აღნიშნული კოსტიუმებისა, დარბაზში წარმოდგენილი იქნება მარგალიტებითა და ოქრომკედით გაფორმებული მეფე ერეკლეს ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრთა ძვირფასი სამოსი. გაფორმების დროს XVIII-XIX საუკუნეების ისტორიული ქსოვილის დეტალები და ორნამენტები გამოიყენეს, რის გამოც კოსტიუმმა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება შეიძინა.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა უზრუნველყო. ძვირფასი საგანძურის ექსპონირებისათვის საგანგებოდ მომზადდა ახალი საგამოფენო დარბაზი, სადაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დამონტაჟდა თანამედროვე განათება, მომზადდა სპეციალური ვიტრინები და კლიმატ კონტროლის აპარატები.
კოსტიუმების გამოფენასთან ერთად, დამთვალიერებელს საშუალება ექნება XIX საუკუნის უნიკალური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში — „თეთრი ბუხარი" იხილოს, რომელიც კულტურის მინისტრის ინიციატივით სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში გადმოიტანეს.
ხელოვნების სასახლე, განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, პრეზენტაციის დღეს, გარკვეულ რეგულაციებს აწესებს. დამთვალიერებლები ეროვნული სამოსის საგამოფენო დარბაზში დაიშვებიან ჯგუფებად.
ვიზიტი 5 დეკემბერს უფასოა, ხოლო საგამოფენო დარბაზები ღია იქნება 17-იდან 20 საათამდე.