თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა და 1,5 ლარი შეადგინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზის კერძო კომპანია „ინტერტრანსის“ მფლობელების განმარტებით, მგზავრობის ფასის გაძვირება ეროვნული ვალუტის ვარდნამ განაპირობა. აღნიშნულ მონაკვეთზე მომუშავე ცხრა ხაზიდან ტარიფი შვიდმა გააძვირა.
„მგზავრობის ხარჯები ძალიან გაძვირდა. ეს ეხება როგორც საწვავს, ისე მანქანის ნაწილებს და თანხას, რომელსაც ჩვენ ბანკებში ვიხდით. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ კრედიტი უცხოურ ვალუტაში გვაქვს გამოტანილი. ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რაც დღეს მოხდა და კომპანია „ინტერტრანსი“ იძულებული გახდა ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილება მიეღო“, — განაცხადა „ინტერტრანსის“ დირექტორმა ირაკლი ჩიღვინაძემ.
ქართული ეროვნული ვალუტა, რომლის კურსმაც ვარდნა ორი წლის წინ დაიწყო, და რეკორდუდ მინიმუმებს ანახლებდა, მიმდინარე წლის ნოემბერში რეკორდულ ნიშნულს (1 აშშ დოლარის ღირებულება 2,5 ლარი) მიაღწია. 2014 წლის 1 დეკემბრიდან ლარი აშშ დოლართან მიმართებით 41%-ით გაუფასურდა.