თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს, იუწყება პრემიერის პრეს–სამსახური.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელი, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, უაღრესად დინამიური და ნაყოფიერი იყო.
გიორგი კვირიკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში ნატოს ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„საქართველო, როგორც პატარა სახელმწიფო შავიზღვისპირეთში, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, ვისთანაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგანაც შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის, ხოლო პარტნიორობა საქართველოსთან მისი მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მომავალშიც დაუჭერს მხარს რეფორმების განხორციელების პროცესში და უზრუნველვყოფს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.
გიორგი კვირიკაშვილმა სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში დიდი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო საქართველოს მოქალაქეების მანდატი, რათა გაგრძელდეს დაწყებული რეფორმები და პოლიტიკური კურსი.
პრემიერმა პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოება ნატოს უსაფრთხოების გარანტია.
„საქართველო მიესალმება ნატოს ინიციატივებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვიაზრებთ შავი ზღვრის უსაფრთხოების მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და რეგიონალური მშვიდობისათვის… საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მზადაა ჩაერთოს ალიანსის მცდელობებში შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში შეხვედრები გამართა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესთან დონალდ ტუსკთან, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისთან. ბრიუსელში პარასკევს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა, რომელზეც 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი განიხილეს. დოკუმენტი საქართველოში მომავალი რეფორმებისთვის თავისებური გზამკვლევი გახდება.