საქართველოს პრემიერმა ფედერიკა მოგერინისთან მოლაპარაკებები გამართა

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი
გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის სტრატეგიული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ვიზიტი მისთვის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების დადასტურებას წარმოადგენს.

მოგერინიმ პრემიერს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა, ფართომასშტაბიანი რეფორმების გზით მიაღწიოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას, რაც, მხარეთა შეფასებით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად.

გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტუსკი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის სტანდარტებისკენ სწრაფვას

მოგერინიმ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადმი ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ყველა მოთხოვნა ბეჯითად შეასრულა.

პოლიტიკოსებმა ასევე განიხილეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ევროკავშირის როლის გააქტიურება. ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსკეპტიციზმზე საუბრობს

ბრიუსელში პარასკევს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართება, რომელზეც 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის განხილვა იგეგმება. დოკუმენტი საქართველოში მომავალი რეფორმებისთვის თავისებური გზამკვლევი გახდება.

ევროკავშირმა 29 ნოემბერს გამოაქვეყნა „ასოცირების შესრულების ანგარიში“, რომელიც 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, ევროპული სტრუქტურები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს პოზიტიურად აფასებენ.

ევროკავშირის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, კერძოდ, ტერორიზმთან და იარაღით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლაში.

ყველა ახალი ამბავი
0