თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესს აჭიანურებს, საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ევროსკეპტიციზმი დაეუფლოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე.
საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია წავიდნენ. მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს.
კონფერენციაზე “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი” ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ესმის ევროკავშირის წინაშე მდგარი სირთულეები — მიგრაციის პრობლემები, ტერორიზმის საფრთხეები.
„სრულად აღვიქვამთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი დგას, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთო ვალდებულებების შესრულებას შეეხება“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
გასაკვირი არ არის, რომ მრავალწლიანი რეფორმებისა და პროგრესის შემდეგ, რასაც საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის რთულ გზაზე მიაღწია, ქვეყანაში ამ მიმართულებით მაღალი მოლოდინებია, დასძინა მინისტრმა.
„ჩვენთვის ამას (ვიზების გაუქმებას) სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და ასევე წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას“, — აღნიშნა ჯანელიძემ.
ბრიუსელში კონფერენცია ევროპარლამენტში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საგარეო პოლიტიკური უწყებების წარმომადგენლებმა (European External Action Service, EEAS).
2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.
ამ ეტაპზე პროცედურებით გათვალისწინებულია ევროკავშირის პარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მხარეებმა უნდა შეათანხმონ და მოამზადონ რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში.
თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში.