თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებს საერთაშორისო დღე მიულოცა.
შშმ პირთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 3 დეკემბერს აღნიშნება.
„ბუნების კანონია, რომ ერთი უნარის შეზღუდვის სანაცვლოდ ადამიანს სხვა უნარები ეძლევა… ღრმად მწამს, რომ თქვენი ნიჭისთვის ფართო გზის მიცემა, თვითრეალიზაციის პირობათა შექმნა აუცილებელია როგორც თქვენი ღირსეული ცხოვრებისთვის, ასევე – საზოგადოების სიჯანსაღისა და ყოველხმრივი განვითარებისთვის“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა განთავსებული.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველას მოვალეობაა შშმ პირთათვის ისეთი პირობების შემნა, რომ მათი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდეს.
„მიგულეთ თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს დაწესდა.