თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ჰაკერებმა რუსულ ბანკებს 2 მლრდ რუბლი მოპარეს. მათი ანგარიშები რუსეთის ცენტრალურ ბანკში იყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ CNN–ზე დაყრდნობით, რომელსაც ცენტრალურ ბანკში ეს ინფორმაცია დაუდასტურეს.
ჰაკერები 5 მლრდ რუბლის მოპარვას ცდილობდნენ, მაგრამ რუსეთის ბანკმა კიბერშეტევის დაფიქსირება და ფულის ნაწილის დაბრუნება შეძლო.
„ცენტრობანკის“ ინფორმაციით, ჰაკერებმა კერძო ბანკებს შეუტიეს და ფული მათი კლიენტების ანგარიშებიდან მოიპარეს.
ბანკში არ აზუსტებენ, როდის მოხდა კიბერშეტევა. CNN აღნიშნავს, რომ ეს შეტევები ბოლო დროს მთელ მსოფლიოში განხორციელებულ შეტევებს ჰგავს, მაგალითად, ფილიპინებში, ვიეტნამში, ეკვადორსა და ბანგლადეშში.
ინფორმაცია „ცენტრობანკიდან“ სახსრების მოპარვის შესახებ გავრცელდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნის წინააღდეგ, მისი ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციის მიზნით, უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურები მასშტაბურ კიბერშეტევებს ამზადებენ. უწყებაში განაცხადეს, რომ ჰაკერული შეტევების მთავარი ცენტრები ნიდერლანდებში მდებარეობს და უკრაინულ კომპანია BlazingFast–ს ეკუთვნის.