თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (შშმპ) მართვის მოწმობის პრაქტიკულ ნაწილს ამიერიდან ადაპტირებული ავტომობილით ჩააბარებენ. ინოოვეციური სერვისი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაინერგა.
შს მინისტრი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტომანქანის პრეზენტაციას რუსთავში, შსს–ს მომსახურების სააგენტოში დაესწრო, მონაწილეობა მიიღო იმიტირებულ გამოცდაში და სერვისის ეფექტურობა პირადად შეაფასა, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უპრეცედენტო ინოვაციას ვთავაზობთ. მომსახურების სააგენტოში ისინი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომანქანით შეძლებენ. ვფიქრობ, ეს სიახლე მათ მართვის მოწმობის აღების პროცედურას გაცილებით გაუადვილებს“, — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ, თუმცა, მომავალში მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის ადაპტირებული ავტომანქანით ჩაბარების საშუალება ყველა კატეგორიის შშმ პირს მიეცემა.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში შშმ მოქალაქეებისთვის ადაპტირებული გარემოა შექმნილი, რის შედეგადაც ისინი სასურველ მომსახურებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იღებენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით დაინერგა.