თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. პარასკევს მსოფლიო ვალუტების მიმართ დოლარის კურსი დაბლა იწევს, რადგან აშშ-ში ინვესტორები ქვეყნის შრომის ბაზრის შესახებ ნოემბრის თვის სტატისტიკის გამოქვეყნებას ელოდებიან, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით.
თბილისის დროით 10:28 საათის მდგომარეობით, დოლარის მიმართ ევროს კურსი 1,0684 დოლარამდე გაიზარდა წინა დღის 1,0661-დან, რაც ვაჭრობის დასრულებისას დაფიქსირდა.
ასევე წინა დღის ვაჭრობასთან შედარებით იენის მიმართ დოლარის კურსმა 114,09-დან 114,01 იენამდე დაიკლო. დოლარის ინდექსმა (ექვსი ქვეყნის ვალუტების კალათის მიმართ დოლარის კურსი) 0,21%-ით დაიკლო – 100,74 პუნქტამდე.
პარასკევს, მოგვიანებით აშშ-ის შრომის სამინისტრო ქვეყანაში შრომის ბაზრის შესახებ ნოემბრის ანგარიშს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსების პროგნოზების მიხედვით, აშშ-ში უმუშევრობის დონე ნოემბერში ოქტომბრის დონეზე შენარჩუნდა (4,9%), ხოლო ეკონომიკის არასასოფლო-სამეურნეო დარგებში სამუშაო ადგილების რაოდენობა 175 ათასით გაიზარდა.
შრომის სამინისტროს ანგარიშის მოლოდინში ინვესტორებმა თავის შეკავება გადაწყვიტეს.
„დოლარმა, შესაძლოა, 115 იენის ზღვარი მოსინჯოს იქიდან გამომდინარე, როგორი აღმოჩნდება სამუშაო ადგილების რაოდენობა არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკაში“, — აქვეყნებს სააგენტო „როიტერი“ Mizuho Bank-ის ბაზრის ეკონომისტის დაიცუკე კარაკამას მოსაზრებას.