თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ლარის გაჯანსაღების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომისტ ლევან კალანდაძისთვის მისაღებია, თუმცა ის სასწრაფო ღონისძიებების გატარებასაც მოითხოვს.
„მთავრობის მიერ გამოცხადებული დედოლარიზაციის გეგმა საინტერესო მოდელია და საინტერესო შედეგებსაც მოიტანს ლარზე მოთხოვნის გაზრდის თვალსაზრისით, მაგრამ ეს ყველაფერი მომავალი წლის იანვრიდან არის მოსალოდნელი, მანამდე კი როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მართებთ“, – განუცხადა Sputnik-ს ლევან კალანდაძემ.
სავალუტო ბაზარზე სიტუაცია სასწრაფოდ თუ არ დარეგულირდა, ამას სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება, თვლის ეკონომისტი.
„სავალუტო ბაზარზე აშკარად არის პანიკის და აჟიოტაჟური ქცევის ნიშნები. აშკარა დაბნეულობა და გაურკვევლობაა. ანალოგიური ტრენდი ფიქსირდება ბლუმბერგზეც… საჭიროა ეროვნული ბანკი სასწრაფო წესით ჩაერიოს და განტვირთოს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სერიოზულ სპეკულაციურ ტრენდს, რომელიც ეროვნული ბანკისთვისაც და ქვეყნისთვისაც საკმაოდ სერიოზული ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება“, — განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ეროვნული ვალუტის გაცვლითმა კურსმა დღეს დოლარის მიმართ 2,5871 GEL შეადგინა.
ლევან კალანდაძის აზრით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ვარდნა სავალუტო ინტერვენციებით უნდა შეაჩეროს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ — დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის შემდეგ.
„ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადასცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს. შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას. ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რაც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ნატა პატარაია