საქართველოს პრემიერმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და მარტინ შულცი
გიორგი კვირიკაშვილი და მარტინ შულცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიუსელში შეხვედრისას მხარეებმა რამდენიმე საკითხი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილეს.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ევროკავშირის შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ბრიუსელში განიხილეს. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ კვირიკაშვილს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითად შეაფასა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან  ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების კურს ახორციელებს, განაცხადეს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურში. 

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
"ასოცირების შესრულების თაობაზე ანგარიში" - ევროკავშირი პროგრესით კმაყოფილია

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე. შულცი და კვირიკაშვილი შეთანხმდნენ, რომ საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და ახლა  ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება ევროსტრუქტუერბზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმებს.

პოლიტიკოსებმა ასევე განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების თემები და  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ  არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (ცხინვალის რეგიონი) შექმნილი ვითარება.

კვირიკაშვილმა შულცს საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბელგიაში ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ოთხშაბათს გაემგზავრა. კვირიკაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. 

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსკეპტიციზმზე საუბრობს

2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

მანამდე, 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია წავიდნენ. მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს.

ამ ეტაპზე პროცედურებით გათვალისწინებულია ევროკავშირის პარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მხარეებმა უნდა შეათანხმონ და მოამზადონ რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში.

თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში. 


 

ყველა ახალი ამბავი
0