თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ სს „საქართველოს რკინიგზისა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციების 25-25% გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სახელმწიფო კომპანიების აქციების ნაწილის გაყიდვის თაობაზე უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აქციები ბირჟაზე სასურველ დროს განთავსდება.
„გადავწყვიტეთ, რკინიგზისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25-25% განვათავსოთ ბირჟაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბირჟები შეიძლება იყოს ლონდონის ან შანხაის. შესაბამისად, ეს არის ღია განთავსება, აქ არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი კონკრეტული დაინტერესებული პირის ინტერესზე ლაპარაკი“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ამასთან, ქუმსიშვილმა აქციების სავარაუდო ფასზე საუბრისგან თავი შეიკავა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა.