გაიხადე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სექსუალური ტანსაცმელი
ნებისმიერი მოუხერხებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იმის ნიშანია, რომ გოგონა ცდილობს იყოს ის, ვინც სინამდვილეში არ არის. არც ერთი ქალი არ შემხვედრია, რომელიც მიიჩნევს, რომ ე.წ. „შპილკები“ და, განსაკუთრებით, ზამთარში – მოსახერხებელი და პრაქტიკულია. თუმცა, მაინც ბევრი იტანჯავს თავს. მერწმუნეთ, ფეხის სილამაზეს ვერ დამალავს ანატომიურად გამართლებული 4–5 სანტიმეტრის სიმაღლის ქუსლი, არც სპორტული ფეხსაცმელი. არც ბოლოკაბის სიგრძეს აქვს გადამწყვეტი როლი, ისევე, როგორც დეკოლტეს სიღრმეს. პირიქით, ადამიანის გარეგნობაში რაც უფრო მეტად ისმის: „შემომხედე, მშვენიერი ვარ, მზად ვარ, შენი გავხდე“, მით მეტი ალბათობაა, რომ თქვენი ურთიერთობები სულ სხვაგვარი იქნება, ვიდრე ოცნებობდით.
ნუ ეცდები, მოეწონო
პაემანზე, ქორწინებაზე ფიქრისას თუ ადამიანთან ერთად ცხოვრებისას არასდროს ეცადო, მოეწონო მას იმ საშუალებით, რომელიც შენ თავად ზიზღსა გგვრის. ანუ, თუ მთელი ცხოვრება პიცას მეზობელ კაფეში უკვეთდი, ხოლო მას „მაღალი დონის“ კერძები უყვარს, ნუ დადგები ქურასთან და ნუ შეიძენ კულინარიულ წიგნებს. თუ მას ასეთი კერძები უყვარს, დაე, თავად მოიმზადოს და მიირთვას.
დაივიწყე პლასტიკური ქირურგია
იმის პირველი ნიშანი, რომ ნევროზი გაქვთ და საკუთარი თავი არ გიყვართ, გარეგნობის შეცვლის სურვილია. საუბარი არ არის აშკარა ფიზიკურ დეფექტზე, მაგალითად, დიდ ხალზე ცხვირზე, ან ცხვირის ძგიდის გამრუდებაზე, როდესაც ნორმალურად სუნთქვა არ შეგიძლია – ეს სხვა საქმეა. მაგრამ ვერც მკერდის გადიდება და ვერც თეძოების დაპატარავება ბედნიერს ვერ გაგხდის. თავს, უბრალოდ, იმახინჯებ, რადგან ხარ უნიკალური, ამ ოპერაციებით კი ხდები „სტანდარტული“: თხელი ცხვირი, დაბერილი ტუჩები… მამაკაცს ამის გამო არ უყვარხარ ან არ არ უყვარხარ.
თუ გძაბავს, უბრალოდ, დაშორდი
ნუ გეშინია მარტო დარჩენის. არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ საკუთარი თავი უარყო, უარყო საკუთარი სურვილები და მოთხოვნები, გატყდე და მოიდრიკო მის წინაშე.
ნუ ფიქრობ, რომ ეს ბოლო სიყვარულია შენ ცხოვრებაში
თუნდაც თქვენი ურთერთობები არ ჰგავდა არავის ურთიერთობებს, თუნდაც მხოლოდ ყველაზე ლამაზი მომენტები გახსენდებოდეს და გენატრებოდეს ის, რაც თქვენ შორის იყო. არც იფიქრო, რომ ვეღარავის შეხვდები, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა გამოიყურებოდე და როგორი, შენი აზრით, აუტანელი ხასიათიც არ უნდა გქონდეს. ყველაფერი იქნება. უფრო უკეთესიც იქნება, თუ ისწავლი…
არ „გაითქვიფო“ მამაკაცში
რაც არ უნდა ახლოს იყოთ ერთმანეთთან, შენ შენი ცხოვრება უნდა გქონდეს, შენი ინტერესები. ნუ ეცდები, საკუთარი ცხოვრება მის ცხოვრებაზე ააწყო, თუნდაც ფიქრობდე, რომ ეს შენთვის რთული არაა, მას კი – სიამოვნებს. თუ უყვარხარ, მისთვის სასიამოვნო იქნება, თუ მრავალმხრივი და საინტერესო ადამიანი ხარ, რომელიც დროს უთმობს საკუთარ თავს და თავის გატაცებებს. ოთახის ფინია, რომელიც პატრონს შესასვლელ კართან ელოდება, პირველად გულს აამებს, მაგრამ ძალიან მალე აღიქმება, როგორც „ასეც უნდა იყოს“.
მოლაპარაკებებში შუამავალს არასდროს მიმართო
მნიშვნელობა არა აქვს, სად – ოჯახში, სამსახურში თუ მეგობრების წრეში – ურთიერთობები მესამე პირის მეშვეობით არადროს გამოარკვიო. არ მოგწონს დედამთილის საქციელი? დაელაპარაკე მას უშუალოდ. შენ სახლში ის ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ეს შენ ოჯახშია მიღებული, თუ არა და მისი სტუმრობა არ ღირს. ის ან მისდევს ბავშვების აღზრდის შენს პრინციპებს, ან ჯობს, ბავშვები ბებიას არ სტუმრობდნენ. მაგრამ არ ჩარიო ამ საქმეში ქმარი! ეს მისი დედაა, მათ თავიანთი ურთიერთობები აქვთ, იქ შენ არაფერი გესაქმება. თუ კოლეგა „ძირს გითხრის“, პირდაპირ დაელაპარაკე მას. თუ შენი მეგობარი გოგონა საწყენ რამეს გეუბნება, პირდაპირ უთხარი, რომ ეს არ გსიამოვნებს. კონფლიქტის პირისპირ გარკვევა ყოველთვის უფრო ეფექტური და მარტივია, ვიდრე მესამე პირის ჩარევა ამ საქმეში.
დაიმახსოვრე: პრობლემა შენში არ არის
არ ვიღლები ამის გამეორებით: დანაშაულის გრძნობა იმის პირველი ნიშანია, რომ საკუთარი თავი არ გიყვარს. ფიქრები: „სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი“, „რომ დამეკლო წონაში და გავმხდარიყავი“, „დედისთვის რომ დამეჯერებინა“ – ეს ყველაფერი თავდაუჯერებლობისა და ნევროზის ნიშანია. შენ ისეთი ხარ, როგორიც ხარ და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როგორი – ეგოისტი ავყია ქალი, რომელიც უგემურ კერძებს ამზადებს და უზარმაზარი კარიერული ამბიციები აქვს; ან თავის თავში ჩაკეტილი ადამიანი, რომელიც ხმაურიან კამპანიაში ცუდად ხდება და სიმყუდროვე და ფილოსოფიური რომანების კითხვა ურჩევნია. უთხარი საკუთარ თავს: „ასეთი ვარ და მე ეს მომწონს. ვისაც არ მოსწონს – ჯანდაბამდე გზა ჰქონია“.
ნუ შეაფასებ საკუთარ თავს მამაკაცის რეაქციით
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნუ იხედები მასში, როგორც სარკეში, ნუ ეძებ მასში საკუთარი საქციელისა და გარეგნობის შეფასებას, თვითშეფასებას ნუ ააწყობ მისი წარმოდგენებით მშვენიერებაზე. ქალების უმრავლესობა თავის თავს მხოლოდ მამაკაცის პრიზმაში ხედავს: თუ არის მამაკაცი, მაშინ „ყოჩაღი და „მაგარი“ ვარ“, არ არის – „ყოვლად უსარგებლო ვარ“. ასე გავაკეთე და ის კმაყოფილია, სწორად მოვიქეცი, ის უკმაყოფილოა, ეს კი ნიშნავს, რომ არასწორად მოვიქეცი. ეს ანგრევს პიროვნებას და ნევროტიკულ ურთიერთობებამდე მიჰყავს. შენ ისე მოიქეცი, როგორც გინდოდა, გამოიყურები ისე, როგორც ბუნებამ შეგქმნა, მნიშვნელობა არა აქვს, ის რას ფიქრობს ამაზე. არ მოსწონს? მოძებნოს ის, რომელიც სხვანაირად გამოიყურება და სხვანაირად იქცევა. შენ ასეთი ხარ. იგივე მოქმედებს პირიქითაც: ან მიიღე მამაკაცი მთლიანად, ან არ მიიღო, მაგრამ გახსოვდეს, რომ მისი საქციელის შენს შეფასებებს მასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
მნიშვნლოვანია არა ის, თუ როგორ გამოიყურები, არამედ ის, თუ რას გრძნობ
მამაკაცებს ქალის შინაგანი მდგომარეობის „წაკითხვა“ შეუძლიათ. ქალს რაც არ უნდა ეცვას, როგორი მაკიაჟიც არ უნდა ჰქონდეს, რასაც არ უნდა ამბობდეს, ისინი ყოველთვის გრძნობენ, ეს ნამდვილია თუ ყალბი. თუ ქალი თავდაჯერებული არ არის, ყალბია მისი საქციელი, კეკლუცობა და ა.შ. – მაშინვე „შიფრავენ“. ეს მამაკაცს ან „აფრთხობს“, ან ქალის დაჩაგვრისა და მასზე მბრძანებლობის სურვილი უჩნდება.
თავი დაანებე „დანაწევრებას“
ანუ, საკუთარი თავის ნაწილ–ნაწილ მიღებას. „ფეხები – სუპერია, აი, თვალები – ლამაზი არ მაქვს“, „ჭკვიანი ვარ, მაგრამ საშინელი ხასიათი მაქვს“, „სხეული კარგი მაქვს, მაგრამ მკერდი – პატარა“… ადამიანის სხეული ერთი მთლიანი და განუყოფელია. მიიღე შენი თავი მთლიანად. თმის სხვაფრად შეღებვაც, რაღაც დოზით, საკუთარ თავში დარწმუნებულობის არარსებობაზე მეტყველებს. როგორც ექსპერიმენტი, გასართობი – კი, სრულებით გასაგებია, მაგრამ თმის სისტემატურად შეღებვა თეთრად, როცა ის ბუნებრივად შავია – ცუდია.
დაიმახსოვრეთ: ის არ შეიცვლება
ადამიანები უკიდურესად იშვიათად იცვლებიან, ძირითადად, რაღაც ძალზე სერიოზული, მძიმე განცდების შემდეგ. წუწუნზე: „როცა შეხვედრა დავიწყეთ, სულ სხვა ადამიანი იყო“ – შეიძლია გითხრათ, რომ ის ან საგულდაგულოდ მალავდა თავის თავს, ან შენ არ აქცევდი ყურადღებას მის სიტყვებსა და საქციელს.
ისაუბრე საკუთარ გრძნობებსა და სურვილებზე
ღიად თქვი, რა მოგწონს და რა – არა, რა გინდა და რა – არა. პირველი – ტელეპატები არ არსებობენ და შენი მამაკაცი ვერაფრით მიხვდება, როგორ მოგექცეს, რით გაგახაროს. მეორეც – რაც უფრო მალე მონიშნავ დაუშვებელს, მით უფრო მალე გაერკვევი, ის ადამიანია შენ გვერდით, რომელიც ნამდვილად გინდა, თუ არა. თუ მოსიყვარულე და შენით მართლა დაინტერესებულია, პირველივე ჯერზე გაიგებს, თუ ნევროტიკია, რომლისთვისაც მთავარი თავისი კომფორტია და არა შენი გრძნობები, შენს სიტყვებს ყურადღებას არ მიაქცევს. თუ ასეა, მაშინვე გაეცალე, დროს ნუ დაკარგავ. ის არ შეიცვლება.