თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თურქეთში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით ოქტომბრის თვეში საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა, აღნიშნულია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში.
თურქეთს ოქტომბერში საქართველოს 178,4 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც მთელი უცხოური ტრაფიკის 7,3%–ს შეადგენს.
თურქეთში ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილზეა გერმანია. გასულ თვეში თურქეთს ამ ქვეყნიდან 491 ათასი მოქალაქე ეწვია, ანუ უცხოელი სტუმრების 20,04%.
მეორე ადგილზეა რუსეთი – 222,7 ათასი ვიზიტორი. ეს მთლიანი ტრაფიკის 9,1%–ია.
მთლიანობაში, თურქეთში უცხოელი ვიზიტორების რიცხვი ოქტომბერში, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 25,79%-ით შემცირდა. ამ ერთ თვეში ქვეყანაში 2,4 მლნ-ზე მეტი უცხოელი სტუმარი იმყოფებოდა.
რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, საქართველოს ოქტომბერში ამ ქვეყნიდან 101,6 ათასი ადამიანი სტუმრობდა, რაც უცხოელების საერთო რაოდენობის 19,3%-ია. ეს მონაცემები გამოქვეყნებულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.