თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე მოიწონა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს თურქეთის ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებების შეჩერებისკენ მოუწოდებს თავად ქვეყნის ხელისუფლების ქმედებების გათვალისწინებით.
„რეზოლუცია მთლიანობაში მოწონებულია“, — განაცხადეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 479 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ წავიდა 37, ხოლო თავი შეიკავა 107-მა.
გასულ კვირაში ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის სახელით თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვა. საუბარია, პირველ რიგში, დისკუსიაზე სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის შესახებ, სიტყვისა და საინფორმაციო საშუალებების შეზღუდვაზე, ასევე თურქეთის პარლამენტის წევრების დაკავებაზე. ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარის საქციელი მის ევროკავშირში შესვლისკენ სწრაფვას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ევროკავშირსა და თურქეთს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოეწერა. წევრობაზე განაცხადი ანკარამ 1987 წელს შეიტანა. მოლაპარაკებები თურქეთის წევრობის საკითხზე მხოლოდ 2005 წელს დაიწყო, რაც მრავალჯერ გართულდა უთანხმოებების გამო, რასაც პერიოდულად პროცესის შეჩერება მოსდევდა. 2016 წლის მარტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა თანხმობა განაცხადეს მოლაპარაკებების გააქტიურებაზე იმ პირობით, თუ თურქეთი თავისი ტერიტორიის გავლით ევროკავშირში მიგრანტების ნაკადის შემცირებას შეუწყობდა ხელს.