თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თურქეთისთვის ევროკავშირში შესვლა ერთადერთი ვარიანტი არ არის, ანკარა ქვეყნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შესვლის საკითხს ამუშავებს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„Brexit–ი შეიძლება გავრცელდეს, ისმის ასეთი ხმები საფრანგეთიდან, იტალიიდან. ამ პირობებში თურქეთმა თავი მშვიდად უნდა იგრძნოს. არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ევროკავშირი ერთადერთი ვარიანტია. რატომ არ უნდა გახდეს თურქეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი? ამის თაობაზე პუტინსა (რუსეთის პრეზიდენტი) და ნაზარბაევს (ყაზახეთის პრეზიდენტი) ვესაუბრე. თურქეთის მონაწილეობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში მოქმედებების მეტ თავისუფლებას უზრუნველყოფს ამ კავშირში“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს უზბეკეთში ვიზიტის შემდეგ თურქეთში დაბრუნებისას. მისი სიტყვები გაზეთ Sabah–ს მოჰყავს.
თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების პროცესი წარმატებით მიდის. „რუსეთთან ამჟამად კარგი ურთიერთობები გვაქვს. ყველაფერი უცბად არ იქნება. 5–6 დეკემბერს ჩვენი პრემიერი რუსეთში ვიზიტით ჩავა, ხოლო 2017 წლის პირველ კვარტალში რუსულ–თურქული თანამშრომლობის საბჭოს მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება. მაღალი დონის ვიზიტები გრძელდება“, – დასძინა ერდოღანმა.