თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი არ ასრულებს თურქეთისთვის მიცემულ პირობას უვიზო რეჟიმის თაობაზე, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„საჭიროა, რომ [ევროკავშირთან] უვიზო რეჟიმი ოქტომბერში შევიდეს ძალაში, მაგრამ ევროპა არ ასრულებს თურქეთის მიმართ დაპირებებს… ის, რომ ჩვენ 53 წელია ევროკავშირის კართან ვდგავართ, გვაჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვთ მათ ჩვენდამი“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ერდოღანს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა ევროკავშირისთვის მიცემულ სიტყვას და ევროპელებისგან გულწრფელ და ღია დამოკიდებულებას ელის.
„ჩვენ არ გვაქვს და არც გვექნება პრობლემები იმ კრიტერიუმებში, რომლებსაც ევროკავშირი ითხოვს — არც ადამიანის უფლებებთან, არც სიტყვის თავისუფლებასთან, არც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. თუ ევროკავშირი თურქეთს სრულ წევრობას მისცემს, არავითარი ბარიერი ამისთვის არ არსებობს — ჩვენ მზად ვართ. მაგრამ ამ თამაშში ჩვენ უკვე გავედით ბოლოში და მათ ეს უნდა იცოდნენ“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, ახლა ევროპაზეა დამოკიდებული, თურქეთთან ერთად იქნებიან მომავალში თუ მის გარეშე.
„დაე, ჩვენ ნუ დაგვაკისრებენ პასუხისმგებლობას ამ საკითხში“, — განაცხადა მან.