დოპინგ-სკანდალი დღეს და გუშინ...

© photo: Sputnik / პაველ ლისიცინიანტიდოპინგის სააგენტოს მიერ მსოფლიოში აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი
ანტიდოპინგის სააგენტოს მიერ მსოფლიოში აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ავტორი თენგიზ ჩოჩუა სპორტში დოპინგის თემასა და ამ პრობლემის მქონე სპორტსმენების შესახებ მოგითხრობთ.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებს ერთგვარი ჩრდილი მიაყენა გახმაურებულმა დოპინგ-სკანდალმა, რომელიც ზედ ოლიმპიადის წინ აგორდა და ასეულობით სპორტსმენს ამ დიდ ფორუმში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა. ფაქტმა გარკვეული დაღი დაასვა როგორც შეჯიბრის სპორტულ მხარეს, ისე მორალურს. საქმე ისაა, რომ დაზარალდნენ არა მარტო სტიმულატორების მომხმარებლები, არამედ ბევრი უდანაშაულოც. ძირითადად, ეს შეეხო თამაშების ერთ-ერთ ფავორიტს — რუსეთის ნაკრებს.

ლერი ხაბელოვი - Sputnik საქართველო
ხაბელოვი: სპორტსმენი, რომელიც დოპინგს იყენებს, გამარჯვებას ტყუილით მოიპოვებს
 აკრძალული პრეპარატების მომხმარებელთა დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ ბრძოლის მეთოდები რომ შესაცვლელია, ფაქტია. სტიმულატორების თემა ახალი არ არის და არაერთი ცნობილი სპორტსმენი გამხდარა მისი მსხვერპლი. სპორტული ცხოვრება ჩვეულებრივისგან დიდად არ განსხვავდება, ორივეგან არის წარმატების აღმართი და, მიზეზთა გამო, იმედგაცრუების დაღმართიც, რომლის შემდეგ, შესაძლოა, გარიყული აღმოჩნდე. სპორტსმენთა ნაწილი ახერხებს ამ მძიმე დარტყმასთან გამკლავებას, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც დარჩენილ სიცოცხლეს, დაფნის გვირგვინის ნაცვლად, ჭაობის გვიმრებით დამშვენებულები ატარებენ.
© Flickr / FL/ Yann Caradecრიშარ გასკე
რიშარ გასკე - Sputnik საქართველო
რიშარ გასკე

ფრანგ ჩოგბურთელ რიშარ გასკეზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მას შემდეგ, რაც 2002 წელს 16 წლისამ ზედიზედ მოიგო როლან გაროსისა და უიმბლდონის იუნიორთა ტურნირები. უფროსებში გადასული ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წარმატებებისკენ, გაიმარჯვა 14 ტურნირზე, ერთხელ მიქსტში როლან გაროსზე იპირველა და ოლიმპიურ პრიზიორობასაც გაუსინჯა გემო. მაგრამ 2009 წელს მის სისხლში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს და ორი წლით ჩამოაშორეს სპორტულ სარბიელს. თავად გასკე ამტკიცებდა, კოკაინი არასდროს გამისინჯავსო, თუმცა ვერაფრით დაამტკიცა. სასჯელმოხდილმა, მართალია, ვერ მოახერხა მასზე გაცემული ავანსების გამართლება, მაგრამ მოწინავეთა ოცეულში ადგილი მყარად დაიმკვდრა და ხანდახან ხმაურიანი გამარჯვებების მოპოვებასაც ახერხებს.

© Flickr / FL/ Keith Allisonლებრონ ჯეიმსი
ლებრონ ჯეიმსი - Sputnik საქართველო
ლებრონ ჯეიმსი

ნარკოტიკის მსუბუქი დოზით მოხმარებაში შემჩნეულია თვით კალათბურთის მეფედ წოდებული ლებრონ ჯეიმსიც. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში მან აღიარა, რომ ახალგაზრდობისას მარიხუანის დიდი მოყვარული ყოფილა და ამის გამო ხშირად შარშიც ეხვეოდა. თუმცა, იმ დროის კალათბურთის ნაციონალურ ასოციაციაში მარიხუანა აკრძალული არ იყო და მეფე ლებრონიც მკაცრ სანქციებს გადაურჩა. საბედნიეროდ, დროზე მოეგო გონს და ახლა მისი ცხოვრების წესი თითით საჩვენებელია ახალგაზრდა ამერიკელებისთვის.

© FB/ Mike Tysonმაიკ ტაისონი
მაიკ ტაისონი - Sputnik საქართველო
მაიკ ტაისონი

სხვაგვარი ბედი ეწია „რკინის მაიკად“ წოდებულ კიდევ ერთ ლეგენდარულ ამერიკელს, კრივში ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონს. რინგზე მოპოვებულ ხმაურიან გამარჯვებებს გაუმართლებელი გამოხდომები მოჰყვებოდა – პრესკონფერენციებზე ჩხუბი თუ ქალებზე ძალადობა მის ბიოგრაფიაში ჩვეული მოვლენა იყო. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ნარკოტიკებს ახალგაზრდული ასაკიდან გაუსინჯა გემო და მალე სპორტული წარმატების ეს ცოცხალი ნიმუში წყალწაღებულ ნარკომანად იქცა. 2006 წელს ამერიკის ქალაქ სკოტსდეილის პოლიციამ გააჩერა მანქანა, რომელსაც კოკაინით, მარიხუანით, ალკოჰოლითა და ანტიდეპრესანტებით გაჭყეპილი მაიკ ტაისონი მართავდა. იძულებული გახდა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი გაევლო, თუმცა ამას მოჰყვა მეუღლის ცემა, გაუპატიურების მცდელობა და თავი ციხეში ამოჰყო. იქიდან სანიმუშო ქცევისთვის გათავისუფლებულს ახალი უბედურება დაატყდა. რინგზე ოფლით მოპოვებული მისი 300-მილიონიანი ქონება უაზრო ცხოვრებასა და ადვოკატებს შემოეფლანგათ. „რკინის მაიკი“ ბანკროტად გამოაცხადეს და იძულებული შეიქნა, ცხოვრება თავიდან დაეწყო, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ახლა მაიკი ბევრს მოგზაურობს, მონაწილეობს ათასგვარ შოუებში, საქველმოქმედო აქციებში და საჩვენებელ გამოსვლებში. მართალია, მთელი შემოსავალი კრედიტორებს მიაქვთ, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღ წესს აღარ ღალატობს და დიდი იმედი აქვს, რომ მალე ისევ შეუდგება ცხოვრების აღმართს, რომელმაც ერთხელ უკვე აიყვანა დიდების ოლიმპზე.

© Flickr / FL/ Shinya Suzukiანდრე აგასი
ანდრე აგასი - Sputnik საქართველო
ანდრე აგასი

ჩვენ სიაშია ერთი ამერიკელი ჩოგბურთელიც, დიდი სლემის ტურნირების რვაგზის ტრიუმფატორი, ოლიმპიური ჩემპიონი და, უბრალოდ, ბედის ნებიერა — ანდრე აგასი. თავად აღიარა, რომ მეტამფეტამინზე იყო დამოკიდებული კარგა ხნის მანძილზე. ასეთი ცოცხალი, თავდაჯერებული არასდროს ვყოფილვარ და ენერგიის ასეთი მოზღვავებაც არასდროს მიგრძვნიაო, კი ამბობს, მაგრამ იმ 1997 წელს, როცა ნარკოტიკებს მიეძალა, სეზონი რეიტინგის 122-ე საფეხურზე დაასრულა და ეს იყო მის კარიერაში ერთადერთი წელი, როცა ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო. მისდა საბედნიეროდ, ჰორიზონტზე გამოჩნდა სასწაული ფერია, რომელმაც წარმატების იმ კიბეზე დააბრუნა, რომელზეც თავადაც მყარად იდგა და მომავალი მეუღლეც გვერდით ამოიყენა. ეს გენიალური შტეფი გრაფი იყო. რაც შეეხება სასწაულ ფერიას, როგორც ამ ფაქტმა დაამტკიცა, აუცილებელი არ ყოფილა, ფერიას და ისიც სასწაულს, მაინც და მაინც მის სამყაროს გამარჯვებულის გარეგნობა ჰქონდეს…

© Flickr / FL/ Steven Pisanoმარტინა ჰინგისი
მარტინა ჰინგისი - Sputnik საქართველო
მარტინა ჰინგისი

ჩვენ ჩამონათვალში ერთადერთი მანდილოსანი მოხვდა, რომელიც, მართალია, თავგადაკლულ ნარკომანად არ ჩაითვლება, მაგრამ მის ირგვლივ ისეთი ხმაურიანი სკანდალი აგორდა, უთუოდ იმსახურებს ყურადღებას. შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი დიდი სლემის ხუთგზის ტრიუმფატორი და კარგა ხნის მანძილზე ქალთა რეიტინგების პირველადგილოსანი იყო. 2007 წელს მის სისხლში კოკაინის კვალი აღმოჩნდა. ბევრი იძახა მარტინამ, ასი პროცენტით უდანაშაულო ვარო, მაგრამ საზოგადოების რეაქცია იმდენად ნეგატიური იყო, რომ 27 წლისას კარიერის დასრულება მოუწია და ერთი ხანობა პაპარაცებიც კი ვერ პოულობდნენ… 

ასეთი შემთხვევა სპორტის სამყაროში ბევრი ყოფილა და, იქნებ, ფართო  სამსჯავროზე არც გამომეტანა, მაგრამ ბოლოდროინდელმა ამბებმა მიბიძგა, მარტინა ჰინგისის სპორტში ტრიუმფით დაბრუნებაზეც მეთქვა. მან იპოვა თავის თავში ძალა და დიდ სპორტში დაბრუნდა. თან როგორ — წყვილთა თანრიგში და მიქსტში ზედიზედ მოიგო დიდი სლემის ტურნირები! ესეც ის შემთხვევაა, როცა სპორტში გამომუშავებულმა ნებისყოფამ იმძლავრა. 

© AFP 2024 / FILIPPO MONTEFORTEდიეგო მარადონა
დიეგო მარადონა - Sputnik საქართველო
დიეგო მარადონა

კიდევ ერთი ლეგენდა, დიდი სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი და ფეხბურთში სამეფო ტახტის მოცილე.  მასზე ამბობენ, რომ სპორტში სწორედ მან დაამკვიდრა კოკაინის მოდა. მას არა მარტო მოხმარებას, არამედ გავრცელებასაც აბრალებდნენ და 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფატორი დიეგო არმანდო მარადონა 15-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ალბათ ბევრს ახსოვს ცნობილი კადრები ამერიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიდან, გოლის გატანით აბსოლუტურად სახეშეშლილი, კამერების წინ შლეგივით რომ ყვიროდა და მისი რანგის სპორტსმენისთვის არაადეკვატურად იქცეოდა. სიმართლე გითხრათ, უკვე მაშინ ხმები მისი ნარკომანობის შესახებ სულაც არ იყო შეთითხნილი. დიეგო მხოლოდ 1997 წელს დანებდა და აღიარა, რომ დამოუკიდებლად ამ უბედურებას ვერ უმკლავდებოდა. საბედნიეროდ, ის იმ ადამიანთა რიცხვში აღმოჩნდა, ვისაც ეყო ძალა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. სხვათა შორის, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ახლახან გარდაცვლილ ფიდელ კასტროს, რომელმაც კუბაში ჩაიყვანა და ყოველმხრივ შეუწყო ხელი, რომ ეს მავნე ჩვევა დაეთმო. დიეგო მარადონას ბევრი დღესაც ფეხბურთის უგვირგვინო მეფედ მიიჩნევს, თუმცა, ვფიქრობ, არსებული მონარქი (პელეს ვგულისხმობ) უფრო ღირსეული აღმოჩნდა როგორც საფეხბურთო მოედანზე, ისე მის გარეთ.

კიდევ ბევრ სპორტსმენზე შეიძლებოდა გვესაუბრა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ამ ტრაგედიასთან გამკლავება კი ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო, ან, უბრალოდ, არ მოისურვა. 

… დოპინგი ის თემაა, რომელიც, პრაქტიკულად, ამოუწურავია, მით უმეტეს, რომ თანამედროვე სპორტში მოთხოვნები იზრდება, ადამიანის ორგანიზმი კი ამ ახალ გამოწვევებს ვერ უძლებს. აქედანვე იწყება არასპორტული მეთოდები, რადგან დიდების ოლიმპზე  აღწევა და იქ მოკალათება დიდი საცდურია.

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0