ზამთრის სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. რობერტ სანდერსი კი უთავბოლოდ და უმიზნოდ დახეტიალობდა ქუჩაში და შიმშილისგან გული უღონდებოდა. ჯიბეში ერთი ცენტიც არ ედო, რომ ლუკმა გაეღეჭა, აღარც სახლი ჰქონდა და აღარც მანქანა ჰყავდა — ყველაფერი ბანკს წაეღო გადაუხდელობის გამო.
დახეტიალობდა და იმ დღეს იხსენებდა, როცა მისი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა.
მშენებელი იყო. ერთ დღეს ხელი დაიშავა და მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, სამსახური დაკარგა. საავადმყოფოს მიაკითხა სამკურნალოდ. ანალიზები აუღეს და სისხლში მარიხუანა აღმოუჩინეს. სადაზღვევო კომპანიამ ყურიც არ ათხოვა მის სასოწარკვეთილ მტკიცებას, ცხოვრებაში არაფერი მსგავსი არ მომიწევიაო, სიხარულითა და სიამოვნებით უთხრა უარი სამედიცინო ხარჯების დაფარვა-ანაზღაურებაზე…
მოკლედ, პრობლემა პრობლემას მიება და რობერტი საბოლოოდ ქუჩაში აღმოჩნდა — ყოველგვარი სახსრის გარეშე, უიმედო და სასოწარკვეთილი…
მიიხედ-მოიხედა და იმ სახლს ჰკიდა თვალი, რომელიც მანამდეც არაერთხელ დაუნახავს, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, ვისი იყო ან ვინ ცხოვრობდა იქ — ბედნიერი ოჯახი თუ მარტოსული ადამიანი. რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს სწორედ ახლა, ამ წუთს უნდა გაერკვია და ზარი დარეკა.
კარი ხანშიშესულმა ქალბატონმა გაუღო და პირველი აზრი, რომელმაც რობერტს თავში გაუელვა, ის იყო, რომ ქალბატონისთვის ეთქვა, არ ღირს უცნობისთვის ასე გაუფრთხილებლად კარის გაღებაო. მაგრამ ხელგაწვდენილმა მხოლოდ ეს უთხრა:
— რამდენიმე დოლარით ხომ ვერ დამეხმარებოდით, ან ცოტაოდენი საჭმლით?
ქალმა სანდერსს დაკვირვებით შეხედა და მასში ცოტა მოშორებით მცხოვრები მამაკაცი ამოიცნო, რომლის სახლზეც ცოტა ხნის წინ ბანკის მიერ გამოკრული ტრაფარეტი „იყიდება“ დაენახა.
„არადა, რა კარგი სახლი ჰქონდა“, — გაიფიქრა ქალმა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი კაცი კიდევ მეტად რომ არ დაემძიმებინა სირცხვილითა და უხერხულობით, სასწრაფოდ ასეთი რამ შესთავაზა:
— იცით, რაღაც მაქვს გასაკეთებელი და თუ დამეხმარებით, სიამოვნებით გადაგიხდით 30 დოლარს. სახლის უკანა შესასვლელის შეღებვა მინდა.
და სანამ სანდერსი პასუხს გასცემდა, ქალმა თითით მიანიშნა, საიდანაც უნდა მოევლო სახლისთვის და კარი მიხურა…
რამდენიმე საათის შემდეგ რობერტ სანდერსმა კვლავ დარეკა ზარი სახლის კარზე.
— მემ, ყველაფერი გავაკეთე.
— შესანიშნავია, — უთხრა ქალმა და კონვერტით შეპირებული თანხა გაუწოდა.
— სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. ღმერთმა გიშველოთ, — მადლობა გადაუხადა რობერტმა და ლამის თავპირისმტვრევით გაქანდა მაღაზიისკენ, რათა მთელი დღის ნანატრი მოხარშული ქათამი ეყიდა…
როცა შიმშილი დაიკმაყოფილა და სული მოითქვა, მერეღა გაახსენდა, რომ ქალის მიერ მიცემულ კონვერტში თანხის გარდა კიდევ რაღაც ფურცელს მოჰკრა თვალი. ამოიღო, გახსნა და…
ეს ჩეკი იყო; ჩეკი, რომლითაც ქალს იმდენი თანხა გამოეწერა, რომ ექვსი იპოთეკური შენატანის დაფარვა და სახლის გაყიდვის გადავადება შეიძლებოდა.
რობერტ სანდერსმა ეს ღვთის წყალობად და ნიშნად მიიღო. რაღაცნაირი ძალა იგრძნო, იმედი გაუღვივდა და გაათმაგებული ძალით შეეჭიდა პრობლემებს.
რამდენიმე თვეში ისევ ფეხზე დადგა, თანაც მყარად. საჭირო თანხას თავი მოუყარა და იმ ასაკოვან ქალბატონს, რომელმაც ასე მოულოდნელად და უშურველად გაუკეთა სიკეთე, კიდევ ერთხელ მიუკაკუნა კარზე.
უცხო ადამიანმა გამოხედა. ეს სახლის ახალი მეპატრონე იყო, კეთილი ქალბატონი კი გარდაცვლილიყო.
თურმე, თავადაც სცოდნოდა, უკურნებელი სენი რომ სჭირდა და იმ მომენტში, როცა სანდერსმა მოწყალების სათხოვნელად მიაკითხა, უკვე საკუთარი დაკრძალვისთვის ემზადებოდა. არც ოჯახი ჰყოლია და არც ნათესავ-მეგობრები ეხვივნენ გარს, ამიტომ ზღურბლზე ხელგაწვდილი კაცი რომ დაუნახავს, უფიქრია, ნამდვილად ღმერთმა მომაყენა კარზეო და მთელი თავისი დანაზოგი მისთვის უწყალობებია…