თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ბექა ოდიშარია ინიციტივით გამოდის, რომ თბილისში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ტურისტული გადასახადი დაწესდეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“.
ოდიშარიას ინიციატივით, ტურისტებმა, რომლებიც ქალაქის ისტორიულ უბანში გადაწყვეტენ გაჩერებას, დღე-ღამეში 1 აშშ დოლარის ოდენობის თანხა უნდა გადაიხადონ.
„წარმოიდგინეთ: თბილისში ექვსი მილიონი ადამიანი ჩამოვიდა და ყველამ აბანოთუბანი მოინახულა, თუ ისინი თბილისში სამ დღე-ღამეს გაჩერდებიან, ბიუჯეტი 18 მლნ აშშ დოლარით შეივსება! ამ თანხით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება: ისტორიული უბნის გაფართოება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, — აღნიშნა მან.
დეპუტატი აცხადებს, რომ ამგვარი პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის, მეზობელი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.
„ეკონომიკის მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვთხოვ, რომ გაჩნდეს ე.წ. საკურორტო ტურისტული გადასახადი. ასევე, ძველ თბილისს გაუჩნდეს სტატუსი. აგერ, ბაქოში ეს წარმატებული პროექტია. თბილისის მაჟორიტარები მზად ვართ ჩავერთოთ ამ დისკუსიაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოგვცემს სერიოზულ ფისკალურ ეფექტს ზედმეტი დანახარჯების გარეშე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი გადასახადი მრავალ ქვეყანაშია, არ აწვება ვიზიტორებს, არანაირად არ იწვევს ტურისტების ასხლეტას და ჩვენ გაგვიჩნდება შესაძლებლობა, ბუნებრივად მოხდეს ტურისტული ზონების გაფართოება“, — განაცხადა ოდიშარიამ.
მისი აზრით, ამგვარად შემოსული სახსრები ისტორიული ნაწილის მოწყობასა და გაფართოებას, ტერიტორიების მოვლას უნდა მოხმარდეს.
დეპუტატი ამ საკითხის სხვადასხვა უწყებასთან, ასევე ექსპერტებთან განხილვას აპირებს.