თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რკინიგზა სტრატეგიული ობიექტია და, აქედან გამომდინარე, მისი გაყიდვა მიზანშეწონილი არ არის, განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა.
„ნავთობის და გაზის კორპორაციის გასხვისება კიდევ, ასე თუ ისე, მესმის, მაგრამ რკინიგზის გაყიდვას არანაირად არ მივესალმები, რადგან, ჯერ ერთი, რომ სტრატეგიული ობიექტია და, მეორეც, აქედან ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი შემოსავალი შედის“, — აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.
ის თვლის, რომ, მართალია, წარმატებული კომპანია უფრო ძვირად გაიყიდება და ბიუჯეტიც უფრო მეტ თანხას მიიღებს, მაგრამ ეს ქვეყნისთვის ერთჯერადი სარგებელი იქნება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან ჰქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კორპორაციის 25–25%-ის ბირჟაზე განთავსებასთან დაკავშირებით.
„თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", — განაცხადა კვირიკაშვილმა.