თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. მომავალი წლისთვის დაგეგმილი 4 %-იანი ეკონომიკური ზრდა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საკმარისი არ არის, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბას“ ანალიტიკოს პაატა ბაირახტარს.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ დავეწიოთ ევროპის ნებისმიერ დაბალგანვითარებულ ქვეყანას, ამისათვის ეკონომიკური ზრდის გაცილებით მაღალი ტემპები დაგვჭირდება. ეს კი ვერ მოხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისების გარეშე“, — განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
ანალიტიკოსის თქმით ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
„მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის მონაცემებით ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში იმატა, ვერ ვიტყვით რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გარღვევას ჰქონდა ადგილი“, — აღნიშნა ბაირახტარმა.
საქსატატის ცნობით, 2015 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 564 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 1მილიარდ 758 მილიონი იყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი რაოდენობა ქვეყანაში 2007 წელს, (2 მლრდ) ხოლო ყველაზე მცირე 2009 წელს(658 მლნ) შემოვიდა.
საქართველოში შემოსული ინვესტორები ყველაზე ხშირად კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის პრობლემას აწყდებიან.
„როდესაც ინვესტორი შემოდის, მას კონკრეტული სპეციალობის თანამშრომელი სჭირდება, რომელიც საქართველოში ხშირად ან არ არის საკმარისი რაოდენობით, ან საერთოდ არ მოიძებნება, ამიტომ დამსაქმებელს ხშირად საჭირო გამოცდილების კადრების შემოყვანა სხვა ქვეყნებიდან უწევს, რაც ჩვენს დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად არ აისახება“, — განაცხადა ანალიტიკოსმა.
პაატა ბაირახტარის აზრით, ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ პროფესიული კადრების გადამზადების წახალისებით იქნება შესძლებელი.
„კარგია, რომ პარლამენტისთვის გაგზავნილ სამთავრობო პროგრამაში საუბარია პროფესიულ განათლების ხელშეწყობაზე და სამუშაო ძალის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, იმიტომ რომ დღეს რეალურად გვაქვს პრობლემა“, — აღნიშნა ანალიტიკოსმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გაგზავნა მომავალი მთავრობის უახლოესი ოთხი წლის პროგრამა სახელწოდებით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. სამთავრობო პროგრამა მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს და მიმართულია ბიზნესის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე, სოციალური პრობლემების გადაჭრასა და უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე.