თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს სტუდენტური თვითმმართველობის 140 — თითოეული ფაკულტეტიდან 20 დელეგატი უნდა აირჩიონ.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, არჩევნებს აპროტესტებენ სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრები. ისინი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირებას აგრძელებენ. „აუდიტორია 115“-ის წევრები შენობაში გუშინ შეიჭრნენ და ამჟამად ისევ შენობაში არიან გამაგრებული. მათი ძირითადი მოთხოვნაა გაუქმდეს თვითმმართველობის არჩევნები, სტუდენტები პირდაპირი წესით აირჩეს საფაკულტეტო საბჭოში და კეთილმოეწყოს სტუდენტური საცხოვრებლები. მათი თქმით, ისინი 13:00 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციას გამართავენ. როგორც „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი ჯავახაძემ განაცხადა, იქნებიან მაქსიმალურად რადიკალურები და პროტესტი იქნება მზარდი.
„პირველ საათზე გაიმართება აქცია პირველი კორპუსის ეზოში და მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მოვიდეს აქციაზე და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება“, — განაცხადა გიორგი ჯავახიძემ.
დაგეგმილია ასევე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პიკეტირება. როგორც მოქმედი თვითმმართველობის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „აუდიტორია 115“-ის წევრები აქციის პარალელურად აპირებენ, შეიჭრან უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და დაიკავონ ეს ტერიტორია. ამის გამო მან მოუწოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ყველა უფლებამოსილ პირს, რომ უზრუნველყონ სტუდენტების, როგორც ამომრჩევლის, ისე საარჩევნო კომისიის უსაფრთხოება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი სახალხო დამცველმაც გააკეთა. მისი თქმით, ყველა სტუდენტის ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და არც ერთი ჯგუფი არ უნდა იყოს პრივილეგირებული.
„ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. ის, რომ სტუდენტთა გარკვეულ ჯგუფს ჰქონდეს გარკვეული პრივილეგიები, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ამიტომ, ვფიქრობთ, აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციის შესრულება და შესაბამისი ცვლილების განხორციელება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, რაც უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნების პროცესში. მეორე მხრივ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს როგორც კანონიდან შესაძლო გამოსვლა. ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით“, — აცხადებს სახალხო დამცველი.