თბილისი, 25 ნოემბერი —Sputnik. საქართველოში პარლამენტს გადაწყვეტილებების მიღების შეუზღუდავი უფლება აქვს, მიაჩნია „ახალი ეკონომიკური სკოლა — საქართველოს“ პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს.
„საკმაოდ მახინჯი სისტემა გვაქვს, რომელიც პარლამენტში მოხვედრილ ადამიანებს აძლევს ჩვენს ბედზე, ცხოვრებაზე და ბიზნეს საქმიანობაზე განუსაზღვრელ უფლებას, მათ კი თავის მხრივ ჩვენს წინაშე პიროვნული ხასითის არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ.“– განაცხადა პაატა შეშელიძემ.
პაატა შეშლიძეს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის არსებული სისტემა მთლიანად გადასახედია. მას ფუნქციურადაც სხვანაირი დატვირთვა უნდა ჰქონდეს. პარლამენტის განუსაზღვრელი ძალაუფლებიდან გამომდინარეოობს ისიც, რომ ბიზნესი პარტიების დაფინანსებისას უპირატესობას მმართველ ძალას ანიჭებს.
„ბიზნესი რომელიც კანონმდებლებზე ბევრად არის დამოკიდებული, ცხადია, რომ მათ ლოიალობისთვის უხდის ფულს და თუ ჩვენ გვინდა რომ ეს კორუფციული პრაქტიკა შეწყდეს, პარლამენტის უფრლებამოსილება გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ “– აღნიშნა შეშელიძემ.
„ახალი ეკონომიკური სკოლა– საქართველოს“ პრეზიდენტის აზრით მართებული არც საკანონმდებლო ორგანოში არჩევნების შემდეგ მოხვედრილი ან ვერმოხვედრილი პოლიტიკური სუბიექტების ბოიუჯეტიდან დაფინანსებაა.
„პოლიტიკური საქმიანობა კერძო საქმეა, ზოგისთვის ეს ბიზნესიცაა, ამიტომ არა მგონია მათი ბიუჯეტიდან დაფინანსება სწორი იყოს“, — განაცხადა პაატა შეშელიძემ.
ცესკოს ცნობით, საქართველოში სახელმწიფო დაფინანსებას ის 20 პარტია მიიღებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე დამოუკიდებლად ან ბლოკის შემადგენლობაში მინიმუმ 3% დააგროვა.
პარტიების დაფინანსება კანონის „საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ თანახმად ხდება.