თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 146 ხმით მიიღო დადგენილება მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
პირველ სხდომას, რომელიც ქუთაისის პარლამენტის შენობაში იმართება, 150 დეპუტატიდან 146 ესწრება.
ამ დროისთვის დეპუტატები ქვეყნის წინაშე ერთგულების ფიცს დებენ.
„მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლებამოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“, — ფიცის ტექსტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წაიკითხა.
ფიცის დადების შემდეგ თითოეული დეპუტატი ხელს მოაწერს ფიცის ტექსტს.