თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა.
„პატივცემულო დეპუტატებო, გილოცავთ გამარჯვებას 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას ქვეყნის საკეთილდღეოდ“, — განაცხადა მარგველაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
პირველ სხდომას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები.
პირველ სხდომას ქუთაისში 150-დან 141 დეპუტატი ესწრება.
საკანონმდებლო ორგანოს სხდომის პარალელურად პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის“ საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ.
პირველ სხდომაზე მოხდება საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დაკომპლექტება. გარდა ამისა, დეპუტატები აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და 15 პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატიდან 115 პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია, 27 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 6 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. ორი ადგილი წილად ერგოთ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელ სიმონ ნოზაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.
დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, უფლებამოსილება შეუჩერდება. პარტია, რომელმაც არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა, საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარუდგენს, რომელსაც პრეზიდენტი, თავის მხრივ, ნდობის გამოსაცხადებლად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.
არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართა. მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 77 დეპუტატი პარტიული სიით, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩია.