თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გახდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საგარეო უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ამ თანამდებობაზე მახარობლიშვილი გიგი გიგიაძეს შეცვლის, რომელიც კარიერას დანიაში ელჩის რანგში გააგრძელებს.
მახარობლიშვილმა განათლება მალტასა და ჰოლანდიაში მიიღო, აქვს მაგისტრის ხარისხი დიპლომატიაში, ასევე საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის მაგისტრის ხარისხი.
1999 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე საქართველოს წარმომადგენლობებში ევროკავშირსა და გაეროში.
მახარობლიშვილი არის კარიერული დიპლომატი, მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
საქართველოს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით 18 ნოემბერს ამოეწურა უფლებამოსილება, მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდა. მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე წარადგინა. კვირიკაშვილმა მომავალ მთავრობაში წინა მინისტრთა უმეტესობა დატოვა. ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკს შეეხო.
საგარეო საქმეთა მინისტრად კვირიკაშვილმა კვლავ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურა წარადგინა.
მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას შაბათს გამოუცხადებს.