„ქალთა მოძრაობის“ მსვლელობა და შს სამინისტროსადმი წაყენებული მოთხოვნები

© photo: Sputnikოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქალთა მოძრაობის“ აქტივისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში მსვლელობა გამართეს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობამ“ თბილისში აქცია გამართა და შსს-ში  ოჯახური ძალადობის საკითხებზე მომუშავე სპეციალური განყოფილების შექმნა მოითხოვა.

აქცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება.  „ქალთა მოძრაობამ"  მსვლელობა პუშკინის სკვერიდან თაბუკაშვილის ქუჩზე მდებარე პოლიციის შენობამდე გამართა. 

აქციის მონაწილეები ხის ჯოხზე წამოცმული კაბებით პუშკინის სკვერიდან, თაბუკაშვილის პოლიციამდე მივიდნენ.

ძალადობის მსხვერპლ ქალთა სოლიდარობისა და ძალადობის წინააღმდეგ სიმბოლო იყო კაბა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციაზე სწორედ ჯოხზე წამოცმული კაბებით მივიდნენ.

2015 წელს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის ცხელ ხაზზე ოჯახური ძალადობის შესახებ 15,9 ათასი ზარი შევიდა. პოლიციამ 949 შემთხვევის გამოძიება დაიწყო, და 2,7 ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერი გასცა, აღნიშნავენ ორგანიზაციაში. 

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: გოგონათა წინადაცვეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაისჯება

„ჩვენი სახელმწიფო ბრმაა გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, რადგან მას აკლია კომპეტენცია და ნება: დღემდე არც ერთი ფემიციდის/ქალთა მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს არ დაუდგენია გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს და რომელსაც ექნება შესაფერისი ცოდნა და მანდატი“, – აცხადებენ ქალთა მოძრაობის ორგანიზაციაში. 

საღამოს თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება. „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ ისინი საპროტესტო აქციას მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებენ და „დედაენის ბაღში“ დაასრულებენ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. გაერომ მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით, ამ დღეს ღონისძიებების გამართვა შესთავაზა.

ამ დღის აღნიშვნას საფუძვლად დაედო 1960 წლის 25 ნოემბერს დომინიკის რესპუბლიკაში სამი დის: მინერვა, პატრია და მარია მირამალების მოკვლის ფაქტი. დები მირამალები პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და იმ დროს დომინიკის რესპუბლიკაში მოქმედი დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. სწორედ ამ მიზეზით დიქტატორ ტრუხილოს ბრძანებით  პოლიციამ დახოცა დები იმ დროს, როცა ისინი თავიანთი დაპატიმრებული ქმრების სანახავად მივიდნენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0