თბილისი, 24 თბილისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დნმ-ის მონაცემთა ბანკის შექმნის ინიციატივა გამოთქვა.
ხუთშაბათს მღებრიშვილი ოთხი საპარლამენტო კომიტეტის — იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უსაფრთხოების — გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე წარდგა.
„ჩემი ერთ-ერთი ინიციატივა დნმ-ის მონაცემთა ბანკის შექმნას უკავშირდება, რაც საგამოძიებო მიმართულების გაძლიერებას ითვალისწინებს. ეს საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროექტია. დაპროექტებისა და სამართლებრივი რეგულაციების ეტაპი უკვე დასრულებულია. მომავალ წელს ჩვენ ამ სფეროში საკანონმდებლო ინიციატივით წარვდგებით და, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, შესრულების ეტაპზე გადავალთ“, — განაცხადა მღებრიშვილმა.
მაღალი ტექნოლოგიები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობისთვისაა აუცილებელი, ხაზგასმით აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
„2015 წლიდან დღემდე ჩვენ უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 37 კილოგრამი კოკაინი და 181 კილოგრამი ჰეროინი, რომლის უდიდესი ნაწილი ტრანზიტისთვის იყო განკუთვნილი. ასევე 15 კილოგრამი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და სხვა ნარკოტიკი. ამავე პერიოდში უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 1482 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციაა", — აღნიშნა მღებრიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე მუშაობს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე, განაცხადა მღებრიშვილმა.
საქართველოს მთავრობას, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, უფლებამოსილება 18 ნოემბერს შეუწყდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს.
მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველი პარტიის მიერ კანდიდატად დასახელებული გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.
კვირიკაშვილმა მინისტრობის პორტფელები არსებული მინისტრების უმეტესობას შეუნარჩუნა. ცვლილება მხოლოდ ეკონომიკურ გუნდს შეეხო.
საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე შაბათს დადგება.