საქართველოს ოლიმპიურ ჩემპიონებს ბრწყინვალების ორდენები გადაეცათ

გამოწერა
რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ ჩემპიონებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ლაშა ტალახაძეს, საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის, ოლიმპიური კომიტეტის ეზოში სახელობითი ვარსკვლავები გაუხსნეს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა ტალახაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

სპორტსმენებს ორდენები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა გადასცა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში, სადაც დღეს ხინჩეგაშვილისა და ტალახაძის სახელობითი ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.

„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ლაშა ტალახაძეს ოქროს მედალები. სამომავლოდ კი ორივეს დიდ წარმატებებს ვუსურვებ. დღეს 35-ე და 36-ე ვარსკვლავი გაიხსნა და ადგილი კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ ბევრი სპორტსმენის სახელობის ვარსკვლავი გაიხსენება“, — განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ხინჩეგაშვილმა ვლადიკავკაზში ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერ-კლასი ჩაატარა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ეზოში სახელობითი ვარსკვლავის გახსნა მისი დიდი ხნის ოცნება იყო.

„ხშირად, როდესაც ამ ადგილს ჩავუვლიდი, სულ მინდოდა, რომ ჩემი ვარსკვლავიც ყოფილიყო და, აი, ეს დღეც დადგა — ჩემი სახელობის ვარსკვლავი იქნება აქ“, — თქვა მან.

სახელოვან სპორტსმენებს ასევე გადაეცათ 50-50 ათასი ლარი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ფონდისგან.

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2009 წელს დაარსდა და ის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროების გამოჩენილ მოღვაწეებს გადაეცემა ქვეყნის წინაშე გამოჩენილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0