თბილისი, 24 ნოემბერი– Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას საქმე სასამართლოს გადასცა, რადგან მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მიოპოვა.
საუბარია 2010 წლის ივლისში მაღალჩინოსანისათვის ქრთამის გადაცემის ფაქტზე, როდესაც გამსახურდია სასჯელს სხვა საქმეზე იხდიდა. წინა ხელისუფლების დროს მას ამ საქმესთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის 5 წელი მიესაჯა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ჩატარებული განმეორებითი გამოძიებისას, პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები მოიპოვა, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტს გამორიცხავენ.
"ახალი გამოძიებით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოძიება ნაწარმოები იყო მიკერძოებულად და არაობიექტურად",-ნათქვამია პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დგინდება, რომ ცოტნე გამსახურდია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად გამოხატავდა პროტესტს პატიმრების მიმართ ძალადობის გამო, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების გაღიზიანებას იწვევდა. აქედან გამომდინარე მისი სამაგალითოდ დასჯის მიზნით მას დანაშაულის პროვოცირება მოუწყვეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საპყრობილის თანამშრომელმა გამსახურდიას ციხიდან წერლილის გადაცემა შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მან გამსახურდიას ოჯახის წევრებს ფულადი გასამრჯელო გამოართვა.
"ახალი გამოძიებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციის ნიშნებს და სისხლის სამართლის საქმის მასალების ფალსიფიკაციას, რაც საფუძვლად დაედო მის უკანონო მსჯავრდებას",-ნათქვამია განცხადებაში.
გამსახურდია 2009 წლის ოქტომბრის ბოლოს დააკავეს. 2010 წლის აპრილის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლისა და 6 თვის ვადის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თავისი მეზობლის, დავით ბაჯელიძის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით.
2012 წლის ოქტომბერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნით მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ცოტნე გამსახურდია შეიწყალა.