თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. გარდაიცვალა 34 წლის ტრანსგენდერი ზურაბ (ზიზი) შეყილაძე, რომელსაც 14 ოქტომბერს თბილისში სასტიკად გაუსწორდნენ, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შეყილაძე ორთაჭალის ავტოსადგურის გვერდით სცემეს და დაჭრეს. ის იმავე დღეს კლინიკა New Hospitals-ში გადაიყვანეს. პოლიციამ მეორე დღეს გიორგი მურჯიკნელი დააკავა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდო ბრალი. სასამართლომ მურჯიკნელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს წინასწარი სხდომა 8 დეკემბერს დაინიშნა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა“, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ჩხუბი მურჯიკნელსა და შეყილაძეს შორის სექს-მუშაკის, ვინმე მზია თოდაშვილის გამო დაიწყო. შეყილაძე გულუას ქუჩაზე თოდაშვილის მუშაობის წინააღმდეგი იყო.
როგორც პროკურორმა ანა სიგუამ წინასწარ სასამართლო მოსმენაზე განაცხადა, მურჯიკნელმა შეყილაძეს უთხრა, თავი დაენებებინა თოდაშვილისთვის და მისთვის გულუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სექს-მუშაკად მუშაობის შესაძლებლობა მიეცა. ამის გამო შეყილაძე აგრესიული გახდა, მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და თავისი სასქესო ორგანო უჩვენა. ტრანსგენდერის ქმედებებმა მურჯიკნელი გაანაწყენა. გაბრაზებულმა და ნასვამმა მურჯიკნელმა შეყილაძეს თავში ბეტონის ფილა ჩაარტყა და დანა ყელში რამდენჯერმე გამოუსვა.
გამოძიების მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ მურჯიკნელი და შეყილაძე ერთმანეთს 2011 წლიდან იცნობდნენ. ისინი ერთსა და იმავე საპატიმროში იხდიდნენ სასჯელს.
ტრანსგენდერი არის ადამიანი, რომელიც თავისი თავის იდენტიფიცირებას საწინააღმდეგო სქესთან ახდენს.