თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, განაცხადეს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრეს-სამსახურში.
უწყებამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, 2016 წლის მხოლოდ ექვს თვეში (იანვარი-ივნისი) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა 40 ადამიანი, ხოლო 33 სერიოზულად დაშავდა.
პროფკავშირულ გაერთიანებაში ამ სტატისტიკას საგანგაშოს უწოდებენ, რადგან 2015 წელს დაღუპულთა რაოდენობა სულ 42 ადამიანს შეადგენდა, ხოლო წელს მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში დაღუპულია 40 ადამიანი.
„უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობის ასეთი რადიკალური გაუარესება იმ ფონზე ხდება, როცა სახელმწიფომ 2015 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შექმნა, თუმცა მას ეფექტური უფლებამოსილებები და ვალდებულებები არ მიენიჭა“, — აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.
გაერთიანებული პროფკავშირები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და შექმნას ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელსაც ექნება ზეწოლის ბერკეტი და უფლება – დამსაქმებლის ნებართვის გარეშე ნებისმიერ დროს შეამოწმოს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიები. ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში – გამოწეროს შესაბამისი ჯარიმა.
„ცვლილებები, შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს“, — აღნიშნეს პროფკავშირებში.
2007-2015 წლებში საქართველოში ტრავმებისგან გარდაიცვალა 356 ადამიანი, ხოლო 642 მძიმედ დაშავდა. საქართველოში დასაქმებულთა უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები პერიოდულად იმართება.