თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოთხშაბათს შავნაბადას მონასტერს ეწვია და იქიდან ქვეყნის მოსახლეობას გიორგობა მიულოცა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 23 ნოემბერს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს — გიორგობას აღნიშნავს.
„გილოცავთ გიორგობას, გეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი, გაგვაძლიეროს თითოეული ჩვენგანი და გააძლიეროს მთლიანად საქართველო!“ — განაცხადა პრეზიდენტმა საზეიმო წირვის შემდეგ.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო წირვა მოსკოვში დიდმოწამე გიორგის ტაძარში აღავლინა. ამის შემდეგ უწმინდესი ქართულ დიასპორას შეხვდება.
გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. საქართველოს განმაქრისტიანებელმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.