„Sputnik-საქართველო“ ამ სახელის მატარებელ რამდენიმე ღირსეულ პერსონას შეგახსენებთ — როგორც უკვე ისტორიაში შესულებს, ისე ჩვენს თანამედროვეებს.
ჯორჯ ბალანჩინი
იგივე გიორგი ბალანჩივაძე — ცნობილი ქორეოგრაფი, რომელმაც სათავე დაუდო ამერიკულ ბალეტსა და თანამედროვე ნეოკლასიკურ საბალეტო ხელოვნებას ზოგადად.
გიორგი დანელია
ცნობილი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პუბლიცისტი. მის ფილმებზე მთელი თაობები აღიზარდა. გიორგი დანელია ავტორია ისეთი ლეგენდარული ფილმებისა, როგორებიცაა: „არ იდარდო!“ „აფონია“, „მიმინო“, „შემოდგომის მარათონი“, „პასპორტი“, „ქინ-ძა-ძა“ და მრავალის სხვა საკულტო ფილმი.
გია ყანჩელი
ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. შექმნილი აქვს უამრავი სიმფონიური და კამერული ნაწარმოები. დაწერილი აქვს მუსიკა ათობით კინოფილმისა და სპექტაკლისთვის. სწორედ მისი მუსიკაა გამოყენებული ფილმებში „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“, „პასპორტი“ და უამრავი სხვა.
გიორგი ნაკაშიძე
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ქარიზმატული ქართველი მსახიობი. მან ითამაშა ფილმებში „მანდარინები“, „გაყინული შადრევნების ზაფხული“, „მესაათე“, „ჯაყოს ხიზნები“, „შუამავალი“. შესრულებული აქვს ათობით ბრწყინვალე როლი ქართული თეატრის სცენებზეც.
გიორგი ნადიბაიძე
პოპულარული ქართველი მომღერალი. 2015 წელს პოპულარული ტელეშოუს The Voice ქართული ანალოგის გამარჯვებული გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მესამე ადგილი დაიკავა რუსულ მუსიკალურ კონკურსში „ახალი ტალღა 2016“.
გიორგი ქინქლაძე
პოსტსაბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“, გერმანიის „ზაარბრიუკენში“, ინგლისის „მანჩესტერ სიტიში“, ნიდერლანდების „აიაქსში“, ინგლისის „დერბი ქაუნთში“ და ყაზანის „რუბინში“. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ქინქლაძეს ჩატარებული აქვს 57 მატჩი და გატანილი აქვს 9 გოლი.
გიორგი ასანიძე
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე ოლიმპიური ჩემპიონი. 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მანამდე კი, 2000 წელს ბრინჯაო დაიმსახურა სიდნეიში. ამჟამად გიორგი ასანიძე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდნენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე 2016 წელს ოქროს მედალოსანი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე.
გიორგი შერმადინი
ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი, საქართველოს ნაკრების წევრი 2006 წლიდან. ეროვნულ გუნდში 17 წლისა მიიწვიეს, რითიც ის ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელად იქცა ქვეყნის მთავარი საკალათბურთო გუნდის შემადგენლობაში.
გიორგი კვირიკაშვილი
ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ამ პოსტზე განმეორებით წარდგენილი. განათლებით მედიკოსი და ეკონომისტი. თავდაპირველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა, 2016 წლიდან კი ქვეყანას პრემიერ-მინისტრად მოევლინა.
გიორგი მარგველაშვილი
და, ბოლოს, ქვეყნის მთავარი გიორგი — საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. სოციოლოგმა და ფილოსოფიის დოქტორმა დიდ პოლიტიკაში ფეხი 2012 წელს შედგა. თავდაპირველად განათლებისა მეცნიერების მინისტრის პოსტი დაიკავა, შემდეგ — ვიცე-პრემიერისა, ბოლოს კი, 2013 წელს საქართველოს მოსახლეობამ პრეზიდენტად აირჩია.