თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ცვლილებებია მოსალოდნელი საქართველოს წამყვან ტელეარხებზე — „იმედზე“, „მაესტროსა“ და GDS-ზე, განაცხადა გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
კილაძე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ საინფორმაციო საშუალებებში მიმდინარე პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ტელეკომპანია GDS მის ვაჟს ბერა ივანიშვილს ეკუთვნის.
„ივანიშვილი გეგმავს „2030“-ის (GDS-ის გადაცემა) დახურვას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძვირი პროექტი, რომელმაც ვერ დადო შესაბამისი რეიტინგი… შემადგენლობის ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავა. და მას საკუთარი ტელევიზია ექნება სახელმწიფო დაფინანსებით“, — განაცხადა კილაძემ, რომელიც სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი.
ის ასევე ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ დაუბრუნებენ მის მფლობელს, ოღონდ მას არ დაუზუსტებია, ვინ ჰყავს მხედველობაში.
„ტელეკომპანია „მაესტროს“ მთავარი პროდიუსერი ირაკლი ჩიხრაძე გადავა „იმედზე“ და იქ წაიყვანს ყოველდღიურ ტოკ-შოუს“, — განაცხადა კილაძემ.
კილაძე დარწმუნებულია, რომ ამ დღეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან წასვლა შემთხვევითი არ არის. მისი აზრით, ბარათაშვილის ადგილს მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. ამის შემდეგ გადაცემა „2030“-ის ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავა.
რაც შეეხება ტელეკომპანია „მაესტროს“, მეწილეებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ აქციების 55%-ის მფლობელი გახდა. 2016 წლის დასაწყისიდან მეწილეები ურთიერთობებს სასამართლოში არკვევენ.
კილაძემ ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება რიგი საინფორმაციო სააგენტოების დახურვა, რომლებსაც თითქოსდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფინანსებს. კონკრეტული გამოცემები მას არ დაუსახელებია.