თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. პოპულარული ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დარწმუნებულია, რომ პროსამთავრობო ტელეარხებზე საკადრო გადაადგილებები და გათავისუფლებები იგეგმება.
ზაფხულში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მუშაობა შეწყვიტა გრიგოლიას ორმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ტოკ-შოუმ — „რეაქცია“ და „იმედის კვირა“. მოგვიანებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე დახურეს ეკა მიშველაძის (იმ დროს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის მეუღლე) ანალიტიკური ტოკ-შოუ. ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს შეაფასეს, როგორც ხელისუფლების დავალების შესრულება.
„მე მაქვს ჩემი ინფორმაცია, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის მართლდება. დაგეგმილია საახალწლოდ მორიგი „მედიაწმენდა“ ქართულ მედიასივრცეში“, — განაცხადა გრიგოლიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“.
საუბარია საკადრო გადაადგილებებზე, გათავისუფლებებზე, ასევე ჟურნალისტების გადასვლაზე ერთი ტელეკომპანიიდან მეორეში, განაცხადა ჟურნალისტმა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ეხება ტელეარხებს, რომლებიც მუშაობენ „მთავრობისთვის და მთავრობაზე“.
გრიგოლია უცნაურად მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა გასულ კვირაში თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ვადამდე ორი წლით ადრე.
„უეცრად გაირკვა, რომ ადამიანი, რომელმაც სასამართლოთი ორჯერ დაიბრუნა გენერალური დირექტორის პოზიცია, ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე უცებ იღვიძებს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს. (სინამდვილეში) მას უთხრეს, რომ უნდა წავიდეს და ის მიდის“, — განაცხადა გრიგოლიამ.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელე- და ორ რადიოარხს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მაუწყებელს სამეურვეო საბჭო მართავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ექვსი წლით ირჩევენ.
ბარათაშვილი თანამდებობაზე 2012 წლის დეკემბერში დაინიშნა.
2013 წელს სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილი საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გამო ორჯერ გაათავისუფლა, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორჯერვე აღადგინა თანამდებობაზე, რადგან ბარათაშვილის გათავისუფლებისთვის საფუძველი ვერ აღმოაჩინა.