თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში გახსნა კონფერენცია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“, რომლის მიზანია რეფორმების დაგეგმვა ევროინტეგრაციის მიმართულებით და მათი წარმატებით გატარებისთვის ხელშეწყობა.
„ასოცირების შეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მთელ სპექტრს მოიცავს და სრულ თანხვედრაშია მთავრობის ხედვასთან ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თაობაზე“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე.
მან ხაზი გაუსვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების ერთიანობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის კუთხით.
„დღევანდელი კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა, შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები და ვიმსჯელოთ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების თაობაზე. საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, გაეცნოს სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს და გაითვალისწინოს შემუშავებული რეკომენდაციები“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა ევროკავშირთან სრულფასოვანი ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა.
„თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფორმირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო თანმიმდევრულად ხდება ევროკავშირის შიდა ბაზრის ნაწილი, რაც ქვეყნის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მომტანია“, — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
უახლოეს მომავალში საქართველოს ევროკავშირთან დიდი ინტეგრაცია ელის — საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება.
„საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები და ახლა ჯერი ევროპელ პარტნიორებზეა. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ევროკავშირი დაასრულებს შესაბამის პროცედურებს და საქართველოს მოსახლეობა შეძლებს უვიზო მიმოსვლას“, — განაცხადა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა.
კონფერენცია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ პირველად ტარდება საქართველოში და ამიერიდან ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.