თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოსცა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე მიმართული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პროექტები საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.
ექსპერტთა ჯგუფის წევრებს სამშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი შეხვდა.
ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, საქართველოში ფრიდრიხ ებერტის სახელობის გერმანული ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე, ჰენრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ლეჟავა, ასევე საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მისიის დირექტორი ანდრეა კერბსი.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მეტად ინტენსიურ ფაზაში შევიდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 1992 წელს დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ (PCA). ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2004 წლიდან გახდა, როდესაც საქართველო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) პროგრამაში ჩართეს.
საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია 2008 წელს, პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შექმნის შემდეგ დაიწყო. ის ევროკავშირის დაახლოებას ითვალისწინებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ბოლო სამმა ქვეყანამ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი.