საქართველო მზადაა 2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" უმასპინძლოს

© photo: Sputnik / Sergei Starostenko / გადასვლა მედიაბანკში"ევროვიზია"
ევროვიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩატარდება თუ არა საქართველოში სიმღერის საბავშვო კონკურსი მას შემდეგ, რაც ქართველმა შემსრულებელმა პირველი ადგილი დაიკავა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უნდა გადაწყვიტოს.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველო მზადაა, 2017 წელს საბავშვო ევროვიზიას" უმასპინძლოს — წელს კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა.

„ქვეყანა მზადაა იმისთვის, რომ მომავალ წელს საბავშვო ევროვიზია" მიიღოს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის მაუწყებელთა კავშირი მიიღებს, რომელიც ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს. გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ საქართველოში „ევროვიზიის“ პროდიუსერმა ნათია უზნაძემ.

მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი: გამარჯვებაზე არც ვფიქრობდი

როგორც პროდიუსერმა აღნიშნა, ახლა მარიამი ყველაზე ბედნიერია. გოგონა საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება, შემდეგ კი აშშ-ში გაემგზავრება, სადაც მუდმივად ცხოვრობს.

გამარჯვებასთან დაკავშირებით მარიამი ორშაბათს დიდ პრესკონფერენციას გამართავს.

ყოველწლიური მეთოთხმეტე კონკურსის ფინალი 20 ნოემბერს მალტის დედაქალაქში გაიმართა. საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოდან ათი წლის შემსრულებელი წარდგა სიმღერით „მზეო“. მისი გამოსვლა მსმენელმა 239 ქულით შეაფასა.

232 ქულით მეორე ადგილზე გავიდა სომხეთი, ხოლო 209 ქულით მესამეზე — იტალია.

მეოთხე ადგილზეა რუსეთი, მეხუთეზე — ავსტრალია. „ევროვიზია 2016“-ში 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

მარიამ მამადაშვილი ოთხი წლიდან მღერის. სწავლობდა „ბზიკები სტუდიოში“ და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით. მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტსა და სატელევიზიო შოუში. 2014 წელს მარიამმა ათონელის თეატრის სცენაზე სპექტაკლში „ანა და მე“ პრინცესას როლი შეასრულა.

2015 წლიდან მარიამ მამადაშვილი აშშ-ში ცხოვრობს და ახლა კონექტიკუტის შტატში საშუალო სკოლა Tomlinson-ის მეექვსე კლასში სწავლობს. იმავე 2015 წელს გოგონა ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც ამჟამად სწავლობს ვოკალს, ცეკვასა და სამსახიობო ხელოვნებას. საკონკურსო სიმღერა „ევროვიზიისთვის“ კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ დაწერა მარიამთან ერთად.

ეს უკვე საქართველოს მესამე გამარჯვებაა საბავშვო „ევროვიზიაზე“, რომელშიც საქართველო უკვე მეათე წელია ზედიზედ მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0