თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, რომელიც ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ „ქაირათის“ მწვრთნელია, ყაზახეთის თასის მოპოვება ვერ შეძლო, მისმა გუნდმა ფინალში „ასტანასთან“ წააგო ანგარიშით 0:1.
თამაში რთული ამინდის პირობებში, გადაუღებელი თოვის ფონზე წარიმართა.
„ამინდმა, რა თქმა უნდა, თავისი კორექტივები შეიტანა. ცოტა იყო ფეხბურთი და მეტი იყო ბრძოლა და გრძელი გადაცემები. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ, უბრალოდ, არ გაგვიმართლა. ვერ შევძელით ჩვენი მომენტების რეალიზება, ფეხბურთი კი ამას არ პატიობს. მე ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს, რომ სასირცხვილო არაფერია, მათ ღირსეულად ითამაშეს. გავიმეორებ, ჩვენ, უბრალოდ, არ გაგვიმართლა“, — განაცხადა ცხადაძემ ფინალურ შეხვედრაზე საუბრისას.
„ქაირათი“ ქვეყნის თასის მფლობელი წინა ორ სეზონზე ზედიზედ გახდა. ცხადაძის გუნდს რომ „ასტანისთვის“ მოეგო, ზედიზედ სამი გამარჯვებისთვის თასი კლუბის საკუთრებაში დარჩებოდა.
ცხადაძე „ქაირათს“ მიმდინარე წლის აპრილში ჩაუდგა სათავეში. ამჟამად ალმათის გუნდი სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა.