თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ამინდის გაუარესების გამო რამდენიმე რეისი გადაიდო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავმა, რომელიც ქუთაისიდან უნდა გაფრენილიყო, მემინგემში (გერმანია) რეისი ვერ შეასრულა. აეროპორტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი მოგვიანებით, დღესვე შეასრულებს რეისს.
უამინდობის გამო ასევე გადაიდო რეისი ბერლინი-ქუთაისი, რომელიც 14:30 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო ქუთაისში. მანამდე აეროპორტში ასევე გადაიდო მცირებიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ქუთაისი-ბერლინი. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ მგზავრები თბილისში გადაიყვანეს და ისინი ბერლინში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდნენ.
გარდა ამისა, უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტმა ვერ მიიღო ამავე ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდიდან მოფრინავდა. ეკიპაჟის კაპიტანმა გადაწყვიტა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაესვა.