თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ „კიევი-თბილისის“ რეისის განხორციელება დაყოვნებულია კიევის საერთაშორისო აეროპორტ „ბორისპოლში“ თვითმფრინავის დაგვიანებით ჩაფრენის გამო.
წუხელ კიევში დიდთოვლობის გამო ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტიდან თბილისში გამოფრენა სამ საათზე მეტხანს ვერ შეძლო. თვითმფრინავი თბილისში ადგილობრივი დროით 01.15 საათისთვის უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოფრენა მხოლოდ 04.50 საათზე შეძლო. ამასთან, თბილისის აეროპორტის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ორშაბათს თბილისი-კიევი-თბილისის მიმართულებით ყველა ავიარეისი დაყოვნების გარეშე განხორციელდება.
„რეისი ცოტა აგვიანებს, მაგრამ არა ამინდის, არამედ „ბორისპოლში“ საჰაერო ხომალდის დაგვიანებით ჩაფრენის გამო. თვითმფრინავი კიევიდან გამოფრენას ადგილობრივი დროით 11.25 საათზე აპირებდა. გაფრენის დაგეგმილი დროა 13:40 — ასევე ადგილობრივი დროით“, — განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ კიევის აეროპორტის პრეს-სამსახურში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს კიევიდან ადგილობრივი დროით 17:35 საათზე ელოდებიან.
ყოველკვირეულად თბილისიდან კიევში 14 რეისი ხორციელდება.