თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში პირველად, საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა.
ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახური.
სისხლის სამართლის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული და მისი თანამზრახველი, რომელიც ამ დროისთვის გერმანიაში უვადო პატიმრობაში იმყოფება, 2013 წლის 22 ივნისს ქალაქ ნიურნბერგში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ, ბინის მესაკუთრეს ელექტროკაბელებითა და ქსოვილის ნაჭრით ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს და გაგუდეს. აღნიშნულმა პირებმა ბინიდან „როლექსის“ მარკის 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაკავებულის ბრალეულობაზე მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები მეტყველებს.
დაკავებული საქართველოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდება.
გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე და 109-ე მუხლი).
როგორც საქართველოს შსს–ს ვებგვერდზე განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან. განსაკუთრებით ნაყოფიერია თანამშრომლობა გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან. ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, მუდმივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, ერთობლივად არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე გახსნეს.